სწავლება „ეგრისი 2013“ დასრულდა
საქართველო, 3 ოქტომბერი,
საქინფორმი. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისა და II საარტილერიო ბრიგადის მონაწილეობით ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება
„ეგრისი 2013“ დასრულდა. საჩვენებელი საველე წვრთნა
ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.
სწავლება ოცეულების დონეზე ქვედანაყოფების მომზადებას ისახავდა მიზნად. საჩვენებელ სწავლებაში ქვეითებმა საარტილერიო და სატანკო მხარდაჭერით ისარგებლეს და მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანა შეასრულეს. სწავლების სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანაში 22-ე ბატალიონის ასეულები თანმიმდევრობით ჩაერთნენ და საკუთარი პოზიციებიდან სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით სამიზნეები გაანადგურეს. სწავლებაში II საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო საშუალებები და „დანა“ დივიზიონის ოცეულიც იყო ჩართული. სწავლების დასკვნით ფაზაზე კი წვრთნა სატანკო დანაყოფის მხარდაჭერით გაგრძელდა.