2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN. დადგინდა:
1. ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტ სივრცეში, რგოლი შექმნილია ამ ვიდეომასალის დამონტაჟების შედეგად და მის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირვებია რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ვიდეოარქივთან უშუალო, ანუ ფიზიკური წვდომა.
2. დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
კვალის დაფარვის მიზნით სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტ-მოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.
3. გამოძიებით უდავოდ დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქ.თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში და კვალის არევის მიზნით იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. შეგახსენებთ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე სწორედ თბილისში განთავსებული IP მისამართები იქნა იდენტიფიცირებული ქართველი სამართალდამცველების მიერ.
სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ამჟამად ხორციელდება ბრალდებულის ძებნის ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.