სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზაციის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავა

samart-1-narkoსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა ირანის მოქალაქე სეიდინ საბაჰ ე. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ირანიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და გასაღების მიზნით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ის ყიდდა და 2000 აშშ დოლარი, რომელიც მან ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიიღო.

სეიდინ საბაჰ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 23,4708 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 9,2187 გრ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.