საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 30 სექტემბერს სტრასბურგში განაცხადა, რომ ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუ რუსეთის დელეგაციის მოთხოვნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ფარგლებში საქართველოს სანქციები დაუწესდება.
საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება PACE-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა იმის გამო მოითხოვა, რომ PACE-ს დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც გასულ კვირას საქართველოს წინასაარჩევნო ვითარების შეფასების მიზნით სტუმრობდა, საქართველოს თხოვნით ამოიღეს რუსი დეპუტატი ვასილი ლიხაჩევი. ამის გამო პუშკოვი ითხოვსБ საქართველოს ორი წლით აეკრძალოს PACE-ის ღონისძიებების გამართვა. სანქციების დაწესებაზე ასამბლეის მუდმივი კომიტეტი, სავარაუდოდ, ვენაში ნოემბერში იმსჯელებს.უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციის შემადგენლობიდან ლიხაჩევის ამოღება საქართველომ იმის გამო მოითხოვა, რომ მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოში შემოსვლისას ასეთი პირები ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებიან.
ლიხაჩევმა დაადასტურა, რომ ის მართლაც იმყოფებოდა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით და მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაციის გაანალიზების შედეგად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გზით მიიღო გადაწყვეტილება თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების თაობაზე.
„ამის გამო რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია და ზოგიერთი სხვა წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან ითხოვენ საქართველოს დასჯას და საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით ღონისძიებების გამართვის აკრძალვას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და ეს მოვახსენეთ ყველას, რომ ეს იქნება ძალიან დიდი უსამართლობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის საბჭო ამას არ გააკეთებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ეს საკითხი მან სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან, ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან და საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილა.