საზოგადოება
საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის გარდა, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის თანახმად, სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა მასმედიისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1 500 ლარამდე იზრდება.კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდეა, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ასევე, ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში – 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 1 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500–დან 1 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 3000 ლარამდე გაიზრდება.