პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „ის, რაც საზღვრებზე ხდება – სააკაშვილის ბრალია! მან დაანგრია ყველაფერი და უნდა, რომ მასწავლოს, როგორ ავაშენო?! ის დღესაც აგრძელებს თავის რიტორიკას რუსეთის მიმართ!“

politika-2-bizსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ ბოლო თვეებში უფრო მეტ სახნავ-სათესი და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაკარგა კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში.

„ეს შედარება როგორც მოგწონთ? შედარება ჯანსაღია? რომ შევადაროთ აფხაზეთის ტერიტორია და სამხრეთ ოსეთის და ის გადმოწევები, რაც ახლა ხდება, შედარებადია? ჯანსაღია?“,- განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.

„იყო რუსეთის დიდი აგრესიაც, ოკუპირებული ტერიტორიებიც, მაგრამ მათი დიდი უმეცრებების გარეშე, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა. მათ გააკეთეს უამრავი სისულელე, მისი თამადობით ზუსტად. და ახლა რომ პოზიციას იჭერენ, სულ უნდათ, რომ გვასწავლონ... სანამ მოხდებოდა 2008 წელი, განა მანამდე არ მოხდა ურთიერთობების გაფუჭება და ჩიხში შეყვანა ბოლომდე? განა მანამდე არ მოხდა ბიზნესმენების გამოყრა რუსეთიდან, განა მანამდე არ მოხდა სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა და ეს პროცესები განა მანამდე არ განვითარდა და მაგ კაცს არ აქვს ლომის წილი ამაში ყველაფერში? დღეს რა უნდა ვისწავლოთ მაგისგან ჩვენ? და იგივე რიტორიკას აგრძელებს და ჰგონია, რომ მაგ რიტორიკით რამე მოიგო და რამე გააკეთა? შესაბამისად, უნდა ისწავლო მისგან, ვისაც კარგი მაგალითები აქვს, ვისაც აქვს მიღწევები. ის, რასაც მიაღწიეს მათ და მაგან რასაც მიაღწია პირადად, მაგისგან სასწავლებელი ჩვენ არაფერი არა გვჭირს. ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრული და მათ გაფუჭებულ საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ - ამას ვპირდები საქართველოს. მაგრამ ამას დრო სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერმა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დიალოგის შეთავაზების პასუხად, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიეღწიათ საქართველოს მიწების „ჩუმი და ძალიან საშიში ანექსიის“ შეწყვეტისთვის.

„აი ის, რაც გააკეთეს, იმის შედეგებია ეს, საზღვრებთან რაც ხდება და მას ჰგონია, რომ ჩვენი ბრალია, ის უნდა, რომ მასწავლოს ახლა, თითქოს ჩვენი შერბილებული რიტორიკის ან რაღაც გამონათქვამების ან ქმედების შედეგია ის, რაც ხდება დღეს ე. წ. საზღვრებთან. ეს არის შედეგი ზუსტად მათი უმეცრებების და მათი სისულელეების. იმას ვიმკით დღესაც. თუ ნახავთ კარგ მასწავლებელს, ვისაც აქვს კარგი მიღწევები, მე სიამოვნებით მოვუსმენდი, მაგრამ ის ვერ გამოდგება კარგ მასწავლებლად. ამაში ლომის წვლილი აქვს პირადად სააკაშვილს და ახლა სააკაშვილმა მე უნდა მასწავლოს ჭკუა, რა უნდა გავაკეთო? ახლა ამან დაანგრია და მე უნდა მასწავლოს აშენება!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.