სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

samartali-2-ganzraxსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ჩ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის N6-ში მცხოვრებ ირაკლი ცივნარიძეს, რომელიც საკუთარი სახლის აივანზე იდგა, სახლის მოპირდაპირედ მდგომმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა ვახტანგ ჩ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაჭრილი გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე და 19-108-ე მუხლებით).