აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „ქართულ პოლიტიკაში იწყება ხალხის, პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის ერთიანი მოძრაობა საქართველოსთვის!“

aqtual-3-mtav-margvსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს წალკაში შეხვდა, ის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა წარადგინა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა  დეპუტატი ირინა იმერლიშვილი.

გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ბერძნულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ქართულ ენებზე მიესალმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. "იყო უაღრესად საინტერესო შეხვედრა ქართველ, ბერძენ, სომეხ, აზერბაიჯანელ თანამემამულეებთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ეს რაიონი არის ბევრად საინტერესო როგორც სასოფლო-სამერნეო პოტენციალით, ისე უნარით, რომ აქ ქართველმა, სომეხმა, აზერბაიჯანელმა და ბერძნმა შექმნან ერთიანი კულტურა და ერთიანი ქვეყანა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

წალკის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლნისის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ამომრჩევლებს ის ენერგეტიკის მინისტრმა კახ ალაძემ და კოალიციის დეპუტატებმა წარუდგინეს.

გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებისგან უშუალოდ მოისმინა ის ლოკალური პრობლემები, რაც  ბოლნისში აწუხებთ და შეხვედრაზე ამომრჩევლების კითხვებს უპასუხა. "ბევრი პრობლემაა აქ, რაც რეგიონის განვითარებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ყველა ხედავს მთავრობის მიერ წარმაებით გადადგმულ ნაბიჯებს. მთავრობამ, როგორც იქნა, მოიხედა ხალხისკენ. ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე და ამავე დროს ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ეტაპობრივად დავგეგმოთ პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება რეგიონის მოსახლეობას. ქართულ პოლიტიკაში იწყება ხალხის, პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის ერთიანი მოძრაობა საქართველოსთვის, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრას დღეს ყარაჯალასა და თელავში გამართავს.

aqtual-3-qvem-margv