უცხოეთი
საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალი მთავრობა ხელისუფლებაში ჩვენ მიერ შექმნილი ძლიერი ინსტიტუტების საძირკვლის შერყევის მიზნით მოვიდა, თუმცა, ეს არ გამოუვიდა, - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონკორდია 2013-ის სამიტზე, სადაც აშშ-ში თავისი ვიზიტის ფარგლებში გამოდიოდა.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუთხრო ყველას მისი მთავრობის მიღწევების და იმის შესახებ, თუ წინა ხელისუფლებამ როგორ ჩააყენა ფაქტობრივად შეუმდგარი სახელმწიფო მსოფლიოში პირველი რეფორმატორების რიგებში.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს მოქმედებს საბაჟო გაფორმების, მოწმობების გაცემის, ქონების გაფორმების ყველაზე სწრაფი პროცედურები. მისი თქმით, „ქვეყანამ დაძლია რუსეთის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული და ეკონომიკური ემბარგო, გაუძლო რუსეთის არმიის შემოტევას, რომელმაც 2008 წელს საქართველოში 100.000 ჯარისკაცი შემოიყვანა, ანუ იმდენივე, რამდენიც გასული საუკუნის 70-იან წლებში - ავღანეთში“.
„ჩვენ იმდენად ძლიერი ინსტიტუტები შევქმენით, რომ როცა ახალი მთავრობა ხელისუფლების სათავეში მათი საძირკვლების შერყევის გეგმით მოვიდა, არაფერი გამოუვიდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.