რედაქტორისგან
„ვინ იქნება საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი?“ – საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა აზერბაიჯანის წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს გენერალური დირექტორის შეკითხვებს უპასუხა

pol-2-arnoსაქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საღამოს აზერბაიჯანის ერთ–ერთი უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქინფორმის მთავარ რედაქტორს დაურეკა, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს, და ჰკითხა:

– არნო, ივლისის პირველ რიცხვებში წავიკითხე თქვენი ინტერვიუ, რომელშიც ამბობთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ივანიშვილის შემდეგ იქნება ამჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანდა ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. იგივე დაადასტურეთ ორი თვის შემდეგაც, 9 სექტემბრის ინტერვიუში. თვეზე ნაკლები დარჩა იმ დრომდე, როცა პრემიერი ივანიშვილი თავის შემცვლელს დაასახელებს, რომელიც მან, მისი ამასწინანდელი განცხადების მიხედვით, უკვე აირჩია, მაგრამ ჯერ არ ასახელებს. იქნებ, თქვენ იცით – ვის გულისხმობდა?

„ძვირფასო მეგობარო, ვადასტურებ ჩემს სამი თვის წინანდელ პროგნოზს და იმავეს გავიმეორებ, რაც ჟურნალისტებს 8 ივლისს ვუთხარი – ბიძინა ივანიშვილი არჩევანს შეაჩერებს ჩემ მიერ დასახელებული ორიდან ერთ–ერთზე – ღარიბაშვილზე ან უსუფაშვილზე.

პირადად მე უფრო  პრემიერი ივანიშვილისადმი ყველაზე ერთგული ღარიბაშვილის კანდიდატურისკენ ვიხრები, მაგრამ უსუფაშვილი – იდეალური ვარიანტია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. დიახ, ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთა, მაგრამ თავის რჩეულს საქართველოში და მის გარშემო ბობოქარად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ არ ასახელებს. შიდაპოლიტიკურმა და საგარეო პოლიტიკურმა სიტუაციამ დარჩენილ კვირებში შესაძლოა სიურპრიზები მოგვიტანოს, რომლებიც მის გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ამიტომ ის არ ჩქარობს. თუმცა, ეს ნაკლებმოსალოდნელია“ – ასეთი იყო არნო ხიდირბეგიშვილის პასუხი.