პუბლიკაციები
სააკაშვილი: „ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება – პუტინისთვის სასიკვდილო საფრთხეა! საქართველოს ერთი საფრთხე აქვს და ერთი დამპყრობელი ჰყავს – რუსეთი, რომელიც ყველას არეულობებით და ქაოსით აკონტროლებს! რუსეთი სულს ღაფავს! რუსეთი კავკასიიდან წავა!“

pol-1-an-1-sakaSსაქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის  25 სექტემბერს, ნიუიორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და, სანამ შეკითხვებს უპასუხებდა, იქ უნიკალური, ანტირუსული მიმართულობის თვალსაზრისით, სიტყვით გამოვიდა. ამიტომ საქინფორმი, ამ შეხვედრის მხოლოდ ორიგინალურ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, მკითხველის ყურადღებას მისი 35-წუთიანი გამოსვლის სრულ ტექსტს სთავაზობს:

„მე ვფიქრობ, ძალიან სახიფათო გამოწვევების ეპოქაში ვიმყოფებით სწორედ ახლა. რეალურად საქართველო 2003-ში თუ იყო სერიოზულ გზაგასაყარზე და ზუსტად ასეთივე ეგზისტენციალური დინების წინაშე ვიმყოფებით ჩვენ 2013 წელსაც. თქვენ ალბათ ისმენთ ყოველკვირეულად ინფორმაციას, რომ რუსეთმა გამოსწია წინ მავთულხლართები, ხალხს წაართვეს მორიგი ასობით ჰექტარი მიწა, მორიგი პროვოკაციები კეთდება; თქვენ ადევნებთ თვალყურს დათო ბაქრაძის, ასევე სხვა კანდიდატების საარჩევნო კამპანიას, რომელიც ასევე სერიოზული კამპანიაა, იმიტომ, რომ პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობს რუსეთი ამ კამპანიის წარმართვაში საქართველოს შიგნით და ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა პერსპექტივები და რა მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას.

რუსეთი არ შეცვლილა ივანე მრისხანეს დროიდან. რუსულ რეჟიმებს ერქვა სხვადასხვა სახელები, ერქვა იმპერია, მენშევიკური, ბოლშევიკური რეჟიმი, პოსტსაბჭოთა რეჟიმი, მაგრამ ტაქტიკა, სტილი მოქმედების, მისი ხელწერა, პრაქტიკულად არის შეუცვლელი. რუსეთი მთელი აქტიურობით იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს და იყენებს, როცა სჭირდება, სამხედრო ძალას. სხვათა შორის, სამხედრო ძალას იყენებს ყველაზე ბოლო წუთში, თუ სხვა არაფერმა უკვე აღარ გაამართლა.

მაგალითად, ყაზანის აღება რა იყო. მონღოლების ის დაჯგუფება, რომელიც იყო ყაზანში, რუსებმა აიღეს, პრაქტიკულად, შეიარაღებული ბრძოლის გარეშე - ჩანერგეს შიგ თავისი „სტავლენიკები“ რამდენიმე წლით ადრე. იმათ ისე დაასუსტეს შიგნიდან ყაზანის სახანო, რომ როცა რუსეთი შევიდა, არავის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ზუსტად ასევე აიღეს ასტრახანი, ზუსტად ასე ცდილობდნენ პოლონეთის სახელმწიფოს შესუსტებას საუკუნეების განმავლობაში, ზუსტად ასევე აიღეს მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრი ქვეყანა, შიდა დივერსიების, პროვოკაციების, ყველანაირი მეთოდების გამოყენების გზით. ამიტომ ის, რაც საქართველოში ხდება ახლა, საერთოდ არ არის ახალი. უფრო მეტიც, საუკუნეების განმავლობაში ქრესტომათიული გამოცდილება უნდა მიგვეღო, თუ რა ტიპის ძალასთან გვქვს საქმე.
ეკატერინე მეორე, რომელსაც უნდოდა პოლონეთის განადგურება და პრაქტიკულად დაასუსტა შიგნით, ჩანერგა თავისი მეფე და მერე გადართო ძალები სამხრეთის ფრონტზე, ამასობაში პოლონეთში შეიცვალა მთავრობა, რომელმაც დაიწყო რეფორმების გატარება და პოლონეთის სწრაფი მოდერნიზაცია. და ეკატერინე მეორე წერს წერილს ფრიდრიხ დიდს, გერმანიის იმპერატორს, სადაც ეუბნება, რომ პოლონეთმა დაიწყო რეფორმების განხორციელებაო, თუ შეამჩნიეო და ეს ჩვენთვის და თქვენთვის არის კატასტროფაო, იმიტომ, რომ პოლონეთი თუ განახორციელებს მაგარ რეფორმებს, გახდება ნამდვილი სახელმწიფოო. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პოლონეთში არ დავუშვათ რეფორმების განხორციელებაო. ზუსტად ასევეა ის, რაც მოხდა ბოლო წლებში საქართველოში.

pol-1-an-1-Sua

საქართველოში პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ეს სხვა, ცალკე კატეგორიის ხალხებია - პირველად მოხდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის, საერთოდ, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. აი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ წეღან, რომ კორუფცია არ იყო, ინფრასტრუქტრურა განვითარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს სიმპტომები და ნიშნები.

ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე პუტინისთვის. იმიტომ, რომ თუ ეს საქართველოს შეუძლია, ესე იგი შეუძლია ყველა ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე გაუბედურებული, ყველაზე დიდი მეხუთე კოლონა, სხვათა შორის. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომი რუსეთის სასოწარკვეთის ნიშანი უფრო იყო, ვიდრე გააზრებული პოლიტიკის, იმიტომ, რომ რეალურად საქართველომ დაიწყო ძალიან სწრაფი განვითარება, მეხუთე კოლონა დასუსტდა, ყველაზე სწრაფად ამას მიხვდა პუტინი. საქართველოს მაგალითის მოყვანა დაიწყეს იქ. მანამდე ვარდების რევოლუციამ შეაშინა - ხალხის მობილიზაციამ და დემოკრატიულმა ენერგიამ, რომელმაც ეს გამოაღვიძა და პუტინი იძულებული შეიქნა, გამოეყენებინა სამხედრო ძალა.
რუსეთი შემოვიდა ზუსტად იმავე სქემით, რომლითაც შედიოდა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ზოგიერთ ჩვენს ბრიყვს ჰგონია, რომ აღმოაჩინა ახალი რაღაცა რუსეთმა, რომ ჩვენ მოვახდინეთ პროვოცირება და ჩვენი ბრალია და ჩვენ გავაკეთეთ. პირველ რიგში, სჭირდება რუსეთს ლეგენდა,  რომ ყოველთვის მიდის ჩაგრული ხალხების დასახმარებლად. ასე იყო, როცა ის იბრძოდა ევროპული იმპერიების წინააღმდეგ, ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ, ასე იყო, როცა შიდა პრობლემებს ალაგებდა ხოლმე - ყოველთვის ვიღაც დაჩაგრული უნდა არსებობდეს, რომელსაც რუსეთი დაიცავს. პირველი ეს პოლიტიკური ლეგენდა და მეორე სამხედრო ლეგენდა - ომს არასდროს არ იწყებს რუსეთი.

1939 წელს იყო ფინეთში მთავრობა, რომელმაც რუსეთს არ დაუთმო ტერიტორია, დაახლოებით იმხელა ზომის, რამხელაც ახლა აქვს ოკუპირებული საქართველოში, რის შედეგადაც რუსეთის სპეცრაზმი შევიდა გამყოფი ხაზის შუაში ზუსტად, დაცხრილა რუსული პოზიციები, მერე შეიკრიბნენ მშრომელები დიდი რაოდენობით ლენინგრადში, გააპროტესტეს ეს გაუგონარი თავხედობა ფინეთისა 300 მლნ-იანი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომ თავს დაესხა ეს საზიზღარი ფინეთი საბჭოთა კავშირს, და მერე სხვა რაღა დარჩენოდა საბჭოთა რუსეთის მთავრობას, თუ არა ის, რომ შესულიყო და მოეხდინა მცდელობა ფინეთის დაპყრობის.

ახლა უკვე დოკუმენტურად არის დადგენილი, რომ 2008 წელს თრიაყანაზე, ცხინვალის ზემოთ, სიმაღლე ჰქონდა დაკავებული გრუ-ს სპეცრაზმს, რომელიც ცეცხლს უშენდა სამშვიდობოებს. ზუსტად ერთი ერთზე გაიმეორეს ის, რაც მოხდა 1939 წელს დამოუკიდებელი ფინეთის წინააღმდეგ.

ჩვენ 90-იანებშიც ბევრჯერ დავაბიჯეთ ფეხი იგივე ნაღმს და ზუსტად ასევე ხდება დღესაც.
შამილის აჯანყების დროს ყველაზე გამოჩენილი მეთაური კავკასიაში იყო ბაისანგური, დაღესტნელი, ლეკი. შამილი ჩაბარდა და ეს კიდევ რამდენიმე წელი უწევდა წინააღმდეგობას. ბოლოს შეიპყრეს და ჩამოხრჩობას რომ უპირებდნენ, შეკრიბეს იქ, დაღესტნიდან, სხვადასხვა ადგილებიდან ბევრი ხალხი და უთხრეს რამდენიმე ტომის წარმომადგენელს: თქვენ მოდით და სკამი გამოაცალეთ ამას ფეხიდან. ეს რას ნიშნავდა, რომ მერე შურისძიება უნდა გადასულიყო მრავალ საუკუნეზე ამ სხვადასხვა ტომებს შორის. ბაისანგურმა აიღო და თვითონ რომ დაინახა ეს ყველაფერი, გამოიცალა სკამი და ჩამოიხრჩო თავი, რომ რუსული გეგმა არ აღსრულებულიყო და არ გადასულიყო მტრობა ტომებს შორის და ბოლოსაც წაართვა რუსებს შანსი, რომ ეს გაეკეთებინათ.

ჩვენ მუდმივად სხვადასხვა გზით შთაგვაგონებენ, რომ ყველა ჩრდილოკავკასიელი არის ჩვენი მტერი, რომ სომხეთი არის ჩვენი მტერი, რომ აზერბაიჯანიც, რა თქმა უნდა, და ეჭვის თვალით უნდა ვუყურებდეთ, თურქეთზე აღარ ვლაპარაკობ. მაშინ, როცა რეალობა არის სულ სხვა: საქართველოს დღეს აქვს ერთი დიდი საფრთხე და ჰყავს ერთი დიდი დამპყრობელი! და ყველა დანარჩენი, როცა გაქვს ერთი დიდი საფრთხე, უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ამ დამპყრობელმა ვერ შეძლოს ყველას სათითაოდ განადგურება. ეს გააკეთა აღმოსავლეთ ევროპამ. რატომ იყო, რომ ესტონელები, ლიტველები, პოლონელები ასე მაგრად დაგვიდგნენ 2008-ში? იმიტომ, რომ ყველას ესმოდა, რომ საქართველოში წყდებოდა ასევე მათი ბედი, რომ ცალ-ცალკე ყველას კუთხეში მიგვყუჟავენ და გაგვანადგურებენ. ასე მუშაობენ ისინი - ესაა მათი ტაქტიკა!
ლიტვის პრეზიდენტმა თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ დავანებოთ თავი საქართველოს, მას ევრაზიის კავშირში უნდა შესვლა, მოდი, მივხედოთ მოლდოვას და უკრაინას. ასეთი რამე ევროპელ პოლიტიკოსს, მით უმეტეს მეგობარი ქვეყნიდან, ძალიან დიდი ხანია არ უთქვამს საქართველოზე, თუმცა ეს მოჰყვა მის საუბარს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სადაც მან, როგორც ჩანს, უთხრა, რომ ჩვენ ევრაზიის კავშირიც გვაინტერესებს.

ეს არ არის – მოდი, მენიუ ვნახოთ, დღეს რა გვაქვს ვახშამზე და სადილზე. ეს არის ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ფსიქოლოგია, ორი ფუნდამენტურად განსხვავებული განვითარება და უფრო მეტიც, ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის. ერი შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ  იმ პირობებში, როცა არის თავისუფალი. ყველაზე უარესი ადგილი იყო რუსეთის იმპერია, იმიტომ, რომ რუსეთს ბუნებრივად არ უნდა თავის კოლონიებში სიმშვიდე. ის აკონტროლებს ყველას სწორედ არეულობით და ქაოსით. რუსეთს არ მოსწონს სიმშვიდე და სტაბილურობა. მოსწონს არეულობა. ეს არის მათი ბუნებრივი ინსტინქტი.
ახლა ვნახოთ, სად არის რუსეთი. რუსეთი ღაფავს სულს და აგერ ვარ მე და აგერ ხართ თქვენ - ნახავთ, რამდენიმე წელიწადში სად იქნება! სუფთა ეკონომიკური მონაცემებით... დღეს ველაპარაკებოდის  სწორედ უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს, გააორმაგა თითქმის უკრაინამ გაზის წარმოება, 2016-2017 წლებში კი უკრაინას მთლიანად ექნება თავისი გაზი, ფიქალური გაზის ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ „გაზპრომის“ პოზიციები მთლიანად მოისპობა ევროპაში.

2008 წელს „გაზპრომი“ ფლობდა ევროპული ბაზრის პრაქტიკულად 40 %-ს, ჰქონდა ახალი დიდი საბადოები, ნავთობის ფასი იყო ისტორიულ რეკორდულ მაქსიმუმზე და რასაც ჰქვია, პუტინს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად!

დღეს რა ხდება? „გაზპრომი“ ჩამოვიდა სადღაც 22-23%-ზე და უკრაინა როდესაც ამას გააკეთებს, ჩამოდის სადღაც 14 %-ზე მაქსიმუმ. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავარი მათი იარაღი მონოპოლიზაციის და დომინაციის მათი ხელიდან, პრაქტიკულად, გამოცლილია!
დღესაც ისევე ხელახლა ლაპარაკი, რომ პრინციპში ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენი მტერია, რწმენა აქვთ ჩვენგან განსხვავებული და ერთადერთი, რაც არის ჩვენთვის, ესაა ერთმორწმუნე რუსეთი. ძალიან ხშირად რასაც ჩვენ გვეუბნებიან - აი, რა არის ევროპა? პუტინმა ახლა ჩამოაყალიბა იდეალურად „ვალდაის“ ჯგუფთან შეხვედრისას. თუ კარგად ნახავთ, ერთი და იგივე მოტივია საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში... კიევის ცენტრში გამოდის ხალხი და იძახის, რომ ევროპა ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, რომ ქრისტიანული ზეიმები ჩაანაცვლა ევროპაში გე-ფერეიდმა, რაც აქ კარგად ცნობილია; ზუსტად იგივეა მოლდოვაში, რომ ევროპა და დასავლეთი ნიშნავს ჰომოსექსუალიზმს, გარყვნილებას, აღვირახსნილობას, მაშინ, როცა აგერ, არსებობს ჩვენი საყვარელი ერთმორწმუნე რუსეთი... ოღონდ ამ დროს უნდა გქონდეს სრული ამნეზია და ვერ მიხვდე იმას, რომ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთმა - საბჭოთა კავშირის დროს გვყავდა ერთი პატრიარქი, აწამა ამბროსი ხელაია და მეორე პატრიარქი ძალიან მძიმედ, მოკლა რამდენიმე ჩვენი ეპისკოპოსი, გააქრო, ჩამარხა; რუსეთმა გადაღება ჩვენი ეკლესიები არა მარტო მე-19 საუკუნეში, არამედ 2010-2011-2012-ში აფხაზეთში, მაგალითად. და ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთი ღებავდა, ანადგურებდა წმიდა გიორგი ეკლესიას ოჩამჩირეში, უფრო სწორად, ილორში, ზუსტად იმ პერიოდში ჩვენმა მეხუთე კოლონამ ატეხა ერთი ამბავი, რომ დავითგარეჯს გვართმევენ აზერბაიჯანელებიო - გეგონება, ახლა აღმოაჩინეს, რომ დავითგარეჯის მცირე ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  მოქცეული... და ზუსტად იმ პერიოდში, როცა ოჩამჩირეში ჩვენი ეკლესია ნადგურდება, ატეხეს ერთი ამბავი, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მტერი.

ხანდახან მგონია, რომ რაღაც მენტალური პრობლემა გვაქვს სერიოზული... მაგრამ ეს არის მსხვერპლის კომპლექსი. პრობლემა, როცა მოძალადე ძლიერია, გინდა, შენი თავი დაარწმუნო, თუ რატომ უნდა დაემორჩილო მას. ეს არის ის, რასაც რუსები აკეთებენ ძალიან გეგმაზომიერად და ძალიან გამართულად მუდმივად.

მეორე ტაქტიკა მათი – ეს არის მუდმივი ზეწოლა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მუშაობს. არ არის შემთხვევითი ის, რასაც ისინი აკეთებენ მავთულხლართებზე. ისინი გეუბნებიან, რომ: მე მოვდივარ, ჩემი ძალები აგერაა, ბევრნი ვართ, თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ, აი კიდევ 40 ჰექტარი წავიღე, 100 ჰექტარი წავიღე, კიდევ ვიღაცის ვაშლის ბაღი წავიღე, კიდევ სასაფლაო წავიღე, წყლის სათავო ნაგებობა... ამავე დროს მე კეთილიც ვარ, შემიძლია თქვენი ღვინო შევიტანო, თქვენი მწვანილი გაგაყიდინოთ, რაღაც სხვა პერპექტივები გაგიჩინოთ. ესეც შემიძლია და ამასობაში ამ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც ვაკეთებ.
ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რუსეთი დღეს... პუტინი ბოლომდე თავაწყვეტილად ცდილობს, საბჭოთა სფეროზე ყველანაირი უხეში მეთოდების გამოყენებით აღიდგინოს სრული დომინაცია. შარშან, არჩევნების წინ - მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საარჩევნო შედეგის იყო ის უპრეცედენტოდ მასშტაბური მანევრები, რომლებიც იყო საქართველოს ტერიტორიის შიგნით და გარეთ - ასი ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ათასობით რუსული ტანკი, უამრავი თვითმფრინავი... ტელევიზორში ჩვენება იმისა, რომ მათი ამოცანაა თბილისში არეულობის შემთხვევაში შემოსვლა და თბილისის დაკავება, არჩევნების წინა დღეებში არტილერიის ხმამაღალი ბათქაბუთქი მთელ გამყოფ ხაზზე, განსაკუთრებით ცხინვალის, გორის და ქარელის ტერიტორიაზე, რომ ყველას, თუ ტელევიზორში არ ნახეს, ხმა მაინც გაეგონა და ეთქვა და ერთმანეთისთვის მოეყოლა, რომ ისინი უკვე მოდიან. ეს ძალიან სერიოზული ფაქტორი აღმოჩნდა, ჩემი აზრით.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვყავდა ოპოზიცია, რომელიც გაიძახოდა, რომ ჩვენ გამოვალთ ქუჩაში. ყველა კომპონენტი იყო: ეს იძახის, რომ გამოვალ ქუჩაში, ის იძახის, რომ თუ არ აირჩევთ, მე შემოვალ და დავამყარებ წესრიგს, იმიტომ, რომ ჩემი ინტერესები საფრთხის წინაშეა. ამიტომ ეს, რაც ახლა ხდება, შემთხვევითი არ არის. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება არჩევნებს, უკავშირდება იმას, რომ მათ უნდათ საბოლოოდ მონოპოლიზაცია პოლიტიკური სფეროსი, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ხმამაღლა გაიჟღერა, მთავარი ტაბუ მოიხსნა ქართული პოლიტიკისა მთავრობიდან, რომ საქართველო შეიძლება შეუერთდეს ევრაზიის კავშირს, ესე იგი, ნებაყოფლობით, რეალურად გავწევრიანდეთ ისევ რუსეთის იმპერიაში - სხვა ამას არაფერი არ ჰქვია. და ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი არჩევანი.

რა განსხვავებაა ევრაზიის კავშირსა და ევროკავშირს შორის? ევროკავშირში არის თავისუფლება, პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში არ სვამენ; ევროკავშირში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ იყოს კორუფცია; ევროკავშირში კრიმინალები ღიად ვერ მართავენ ვერაფერს; ევროკავშირში ადამიანი ნიჭის და მონდომების მიხედვით მიაღწევს წარმატებას და ევრაზიულ კავშირში ყველაფერი არის პირიქით. ევრაზიის კავშირში რაც უფრო უნიჭო ხარ, რაც უფრო უფერული ხარ, რაც უფრო არაფრის მაქნისი ხარ, მით უფრო დიდი სიამოვნებით ჩაგიხუტებენ. იმიტომ, რომ მით უფრო ადვილად საკონტროლებელი ხარ.

და რუსული ტაქტიკა რა არის? აი ახლა რასაც სირიაში აკეთებს, ზუსტად იგივეს აკეთებდა ჩვენთან ყოველთვის, ხომ? თვითონ არის პრობლემის ნაწილი - რუსულ რაკეტებს ესვრიან სირიელები ყველას, და თვითონ ამბობს, რომ მე ვარ სამშვიდობო შუამავალი. საქართველოშიც ხომ მაგას გვეუბნებოდა? თვითონ აიღო აფხაზეთი და თვითონ გვეუბნებოდა, რომ მე ვარ სამშვიდობო ძალა. თვითონ აკონტროლებდა ცხინვალის მთავრობას და თვითონვე იყო ცხინვალის სამშვიდობო ძალა. ახლა ომი მოხდა და დღესაც გეუბნება: მე რა შუაში ვარ, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმე, მე ვიქნები სამშვიდობო გამყოფი ძალა! და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.

ტაქტიკა არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული მშვიდობა სხვის საზღვრებზე. 1985 წელს მოხდა აზერბაიჯანი-სომხეთის ომი, მაშინ, როცა იმ ტერიტორიაზე იდგა 100 000-კაციანი რუსული ჯარი. 1988 წელს მოხდა ზუსტი განმეორება იმ ომის იმ პირობებში, როცა იდგა ამაზე უფრო დიდი რუსული ჯარი.

აფხაზეთში იმ პირობებში ხდებოდა ომი, როცა ჯერ ჩვენ მოგვცეს იარაღი ახალციხეში, ახალქალაქში ბაზა დახურეს, მთელი იარაღი გადმოგვცეს, ბედნიერი კიტოვანი მოახტა ამ ტანკებს და გაიქცა სოხუმში. მერე მოულოდნელად აფხაზები თავს დაესხნენ გუდაუთის ბაზას, გაიტაცეს მთელი იარაღი იქიდან და შემდეგ რუსეთი უყურებდა, ცოტა წავიწევდით წინ - დაგვბომბავდა, არ წავიწევდით წინ -  რაღაცებს კიდევ აქეთ გადმოგვიგდებდა, თვალებს ჩაგვიპაჭუნებდა. და ასე მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ორივე ნელ-ნელა სისხლისგან დაცალა... და მერე დაიჭირა აფხაზების მხარე იმიტომ, რომ აფხაზები ვერასდროს სახელმწიფოს ვერ შექმნიდნენ.

რუსეთმა დაკარგა ნაციონალური იდეა. რა იყო რუსეთის ნაციონალური იდეა? პუტინმა შესთავაზა, განსაკუთრებით, ბოლო ვადაზე, საბჭოთა კავშირის აღდგენა. ჩვეულებრივი რუსისთვის, რომელიც ძალიან ქსენოფობიურია, ეს არის, რომ ბევრი მუსლიმანი შემოესიოს ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან და მათ უმეტესობას გამოკითხვებში ქართველებიც მუსლიმანებად მიაჩნიათ, ბევრი უზბეკი, ტაჯიკი, ყირგიზი და ქართველი შემოესიოს და ეს რუსეთი წალეკოს. ეს მათ არ მოსწონთ.

მეორე იდეა - დასავლეთთან ქიშპობა. მაგას ახლა სერიოზულად რუსეთში არათუ არ იღებენ, ძალიან აღიზიანებს ეს ელიტას, იმიტომ, რომ იმ დასავლეთზე ამოსდით მზე და მთვარე. უნდათ, რომ ვიზებს უპრობლემოდ იღებდნენ, ევროპაში სახლები ჰქონდეთ, შვილები ყველასი სასწავლებლად აქ არის, აქ აჩენენ ბავშვებს, ერთი სიტყვით, მათთვის დასავლეთთან მტრობა – ეს არის მათი ცხოვრების სტილისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა. მათ ეს არ აინტერესებთ და არ უნდათ.

მესამე, რაც შეთავაზა პუტინმა, მოდიო, რუსეთში ყველა პოლიტიკოსი გავაქროთ და ვიქნები მარტო მე. მე ძალიან სიმპათიური ვარ, ხან წელს ზემოთ შიშველი ვარ, ხან - დავფრინავ, ხან - ვყვინთავ, თან, მაგარი ტიპი ვარ - ყველამ იცისო. მაგრამ ყველაფერმა იცის მობეზრება და პრობლემა იმაშია, რომ თავისი თავისთვის შეიქმნა დიდი საფრთხე, იმიტომ, რომ ვერ მიხვდა მთავარ რაღაცას - როცა მარტო შენ ხარ, კი კარგია და კომფორტულია, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ გაბრაზებაც მარტო შენზე გადმოდის. და როცა პუტინის რეიტინგი რეგიონებში არის 30 %-ზე დაბლა და პეტერბურგსა და მოსკოვში - 20 %-ზე დაბლა,  ეს ნიშნავს, რომ გაბრაზებული მასა უფრო და უფრო ბრაზდება ვისზე? არა ჩიტებზე, რომლებთან ერთადაც დაფრინავ, არამედ შენზე, ხომ? იმათაც იციან, ვინ არის იქ მთავარი ჩიტი!

ამ სიტუაციაში რუსეთის პერსპექტივები არის ძალიან რთული. ვინც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი მმართველი, ლიბერალი თუ ნაციონალისტი, სრული კონსენსუსია ამ ორ ჯგუფს შორის, რომ კავკასიიდან რუსეთი უნდა წავიდეს.

თათარსტანში, მმართველ ელიტაში არის სრული კონსენსუსი, რომ თათარსტანი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ასე რომ  როგორ იქნება მათი ტერიტორიული საკითხები, მე ამაზე მსჯელობას ნამდვილად არ შევუყვები, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ოფიციალურად თუ არაოფიციალურად მათ მოუხდებათ მთელი ჯარების გაყვანა მთელი კავკასიიდან და მოუხდებათ ამ რეგიონის დატოვება მთლიანად. ეს არის აბსოლუტური გარდუვალობა უახლოეს წლებში! რუსეთი რომ ცუდ ფორმაშია, უკვე ყველამ გაიგო. ის, რომ რუსეთი ახლანდელი საფრთხეა, ესეც ყველამ გაიგო.
პატარა ქვეყანა არ უნდა აცდეს თავის შანსს. დავით აღმაშენებელი იყო ძალიან დიდი მეფე,  მაგრამ ის რომ ყოფილიყო, მაგალითად, მონღოლების შემოსევის დროს, მას არანაირი შანსი არ ექნებოდა არაფრის გაკეთების. ეს ხომ გასაგებია. ჩინგიზ-ხანის ჯარს ვერ გაუწია წინააღმდეგობა მსოფლიოში ვერავინ.

დავით აღმაშენებელი მოვიდა იმ დროს, როცა თურქ-სელჯუკები იშლებოდნენ და ეს იყო შანსი, რომ გაეკეთებინა რეფორმა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო აღმაშენებელი, თავისთავად თურქ-სელჯუკების დაშლა საქართველოს არაფერს მოუტანდა. ორი კომბინაცია იყო: კარგი გეოპოლიტიკა და ძლიერი მმართველი და სწორი პოლიტიკა.

ახლა ვნახოთ, საქართველოს სიტუაცია როგორ იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამ დაშლაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დიდი წვლილი შეიტანა. ბოლოს და ბოლოს, მე-19 საუკუნეში მოხდა მარტო 20-მდე აჯანყება და მერე მე-20 საუკუნეში, თუმცა ქართველები სულ მაინც არყევდნენ ამ საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოში ეგრევე დაიწყო სამოქალაქო ომი. მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნებმა გამოქაჩეს, და ეს პერიოდი იყო, როცა მთელი რესურსების გამოწოვა ხდებოდა რუსეთიდან, იმ წლებში მოხდა მათი გამდიდრება. ჩვენ კი 1988 წლის დონეს სიმბოლურად დავეწიეთ მხოლოდ 2012-ში, არჩევნების პერიოდში და ცვლილებების პერიოდში. ისინი იმ დონიდან არ ჩამოვარდნილან, ისინი იმ დონიდან იზრდებოდნენ მთელი ეს პერიოდი. ჩვენ გავუშვით ეს პირველი შანსი.

1993 წლის სექტემბერის ბოლოს აიღეს რუსებმა და სეპარატისტებმა სოხუმი. ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში დაიწყო სამოქალაქო ომი. ერთი თვე რომ დაგვცლოდა, აღარავის აღარ ეცლებოდა აფხაზეთისათვის. როცა ელცინმა ტანკები დაუშინა პარლამენტს - აქ ვიყავი მაშინ, ნიუ იორკში. გამაოგნებელი რაღაც მოხდა. ერთ თვეში ავცდით დროს, რომ შეგვენარჩუნებინა აფხაზეთზე კონტროლი. 1998 წელში, როცა გალში ცნობილი მოვლენები მოხდა, საქართველოს ჰყავდა არაფრის მაქნისი, სუსტი მთავრობა და როცა შევარდნაძემ დაარტყა მუშტი მაგიდაზე და თქვა, მოდი შევიდეთ აფხაზეთშიო, თევზაძე მოუბრუნდა და უთხრა, – ტანკების საწვავიც კი არა გვაქვს, სად უნდა შევიდეთო. მე ჭორებს არ გიყვებით, იმ უშიშროების საბჭოზე ვიჯექი და ვიცი, როგორ ხდებოდა ეს. მაშინაც ავცდით დროში ყველაფერს.

ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კარგი რეფორმები ძალიან ცუდ დროს ჩვენთვის. იმიტომ, რომ ნავთობის ფასი ავარდა ზემოთ. ეს იყო რუსეთის აღმავლობის პერიოდი და ჩვენი აღმავლობის პერიოდიც, რომელშიც დაინახეს საფრთხე. დღეს დაიწყო რუსეთის დიდი დაღმავლობა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს დაღმავლობამ უფრო არ გაასწროს. ამიტომ ყველაზე მეტად ჩემი დღევანდელი განცდა შიში თუ საფრთხის თუ შეშფოთების არის ეს, რომ მუდმივად არ აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა დროში აცდენილი და სივრცეში თავის ბედს. აი სულ თითქოს ჯეკ-პოტი უნდა იყოს და ერთი ციფრი ამოვარდნილია შუაში და არ არის!

pol-1-an-1-qvem

ჩვენ რასაც წინა წლებში ვქადაგებდით, წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც ასე თუ ისე, ამ ფასეულობებს ეთანხმება, ესაა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის დაყოფა ეთნიკურ ჯგუფებად, კუთხეებად. ხშირად ვფიქრობ: აფხაზები უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები რუსეთთან ბრძოლაში, ჩვენი მესაზღვრეები, იმიტომ, რომ აფხაზებს რომ უქნეს რუსებმა მე-19 საუკუნეში, ისეთი ძალიან იშვიათად უქნია ვინმეს ვინმესთვის. და ისინი გახდნენ რუსეთის მოკავშირეები ჩვენ წინააღმდეგ. და ჩვენ ჩვენშიც უნდა ვეძებოთ პრობლემა, იმიტომ, რომ ვერ მოვახერხეთ ნამდვილ მოკავშირეებად ქცევა იმისა, ვინც ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე უნდა ყოფილიყო.

აი, ცხინვალში რატომ დაიწყო რუსეთმა, იმიტომ, რომ ცხინვალში რაც გავაკეთეთ ჩვენ სანახევროდაც, ძალიან მაგარი პროექტი იყო... სანაკოევი და მისი ჯგუფი რეალურად ყოფილი სეპარატისტები იყვნენ, მათ შორის, რამდენიმე კაცი იყო, ვინც 2004-ში გვიშენდა ინტენსიურად თავის რაზმებთან ერთად და ხალხი დაგვიხოცა. მაგრამ ჩვენ დავანახვეთ და არც ერთ ოსს არ სჯერა, რომ, მაგალითად, მე მეზიზღება ოსები. იმიტომ, რომ ეს მართლა არ არის ასე და ვერც დააჯერა რუსულმა პროპაგანდამ. ვიღაც პეტერბურგელს დააჯერა, მაგრამ აქ ვინც ცხოვრობს ოსი, ქედის იქით და აქეთ, იმათ ეს არ სჯერათ. ეს არის ჩვენი მთავარი ძალა. თბილისი ნამდვილად არის კავკასიის დედაქალაქი, ბათუმი ნამდვილად არის დიდი მემლექეთის დედაქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის ფუნქცია, იმიტომ, რომ ქუთაისზე ორიენტირებს ბევრი აფხაზი და ეს იყო მათთვის ისტორიულად საინტერესო ტერიტორია, და როცა ჩვენ ვიძახით, რომ ეს არის ჩვენი სივრცე, სადაც ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს მათი აღმსარებლობით, ეთნიკური ჩამომავლობის მიხედვით, მაშინ ეს არის ჩვენი გზა ერთიანობისა და სიძლიერისკენ იმ პირობებში, როცა რუსეთს ემუქრება სერიოზული ფორმით ჩამოშლა და დღევანდელი ფორმით, როგორც იმპერია, რუსეთი ვეღარ იარსებებს. ის ან გახდება ნორმალური სახელმწიფო, ან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას საერთოდ არსებობის“.