სამართალი
სააკაშვილი: „რუსეთს მოუხდება ჯარების გაყვანა მთელი კავკასიიდან და ამ რეგიონის დატოვება მთლიანად!“

1-samm-1საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ  ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„რუსეთმა დაკარგა ნაციონალური იდეა. რა იყო რუსეთის ნაციონალური იდეა? პუტინმა შესთავაზა, განსაკუთრებით, ბოლო ვადაზე, საბჭოთა კავშირის აღდგენა. ჩვეულებრივი რუსისთვის, რომელიც ძალიან ქსენოფობიურია, ეს არის, რომ ბევრი მუსლიმანი შემოესიოს ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან და მათ უმეტესობას გამოკითხვებში ქართველებიც მუსლიმანებად მიაჩნიათ, ბევრი უზბეკი, ტაჯიკი, ყირგიზი და ქართველი შემოესიოს და ეს რუსეთი წალეკოს. ეს მათ არ მოსწონთ.

მეორე იდეა - დასავლეთთან ქიშპობა. მაგას ახლა სერიოზულად რუსეთში არათუ არ იღებენ, ძალიან აღიზიანებს ეს ელიტას, იმიტომ, რომ იმ დასავლეთზე ამოსდით მზე და მთვარე. უნდათ, რომ ვიზებს უპრობლემოდ იღებდნენ, ევროპაში სახლები ჰქონდეთ, შვილები ყველასი სასწავლებლად აქ არის, აქ აჩენენ ბავშვებს, ერთი სიტყვით, მათთვის დასავლეთთან მტრობა – ეს არის მათი ცხოვრების სტილისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა. მათ ეს არ აინტერესებთ და არ უნდათ.

მესამე, რაც შეთავაზა პუტინმა, მოდიო, რუსეთში ყველა პოლიტიკოსი გავაქროთ და ვიქნები მარტო მე. მე ძალიან სიმპათიური ვარ, ხან წელს ზემოთ შიშველი ვარ, ხან - დავფრინავ, ხან - ვყვინთავ, თან, მაგარი ტიპი ვარ - ყველამ იცისო. მაგრამ ყველაფერმა იცის მობეზრება და პრობლემა იმაშია, რომ თავისი თავისთვის შეიქმნა დიდი საფრთხე, იმიტომ, რომ ვერ მიხვდა მთავარ რაღაცას - როცა მარტო შენ ხარ, კი კარგია და კომფორტულია, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ გაბრაზებაც მარტო შენზე გადმოდის. და როცა პუტინის რეიტინგი რეგიონებში არის 30 %-ზე დაბლა და პეტერბურგსა და მოსკოვში - 20 %-ზე დაბლა,  ეს ნიშნავს, რომ გაბრაზებული მასა უფრო და უფრო ბრაზდება ვისზე? არა ჩიტებზე, რომლებთან ერთადაც დაფრინავ, არამედ შენზე, ხომ? იმათაც იციან, ვინ არის იქ მთავარი ჩიტი!

ამ სიტუაციაში რუსეთის პერსპექტივები არის ძალიან რთული. ვინც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი მმართველი, ლიბერალი თუ ნაციონალისტი, სრული კონსენსუსია ამ ორ ჯგუფს შორის, რომ კავკასიიდან რუსეთი უნდა წავიდეს.

თათარსტანში, მმართველ ელიტაში არის სრული კონსენსუსი, რომ თათარსტანი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ასე რომ  როგორ იქნება მათი ტერიტორიული საკითხები, მე ამაზე მსჯელობას ნამდვილად არ შევუყვები, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ოფიციალურად თუ არაოფიციალურად მათ მოუხდებათ მთელი ჯარების გაყვანა მთელი კავკასიიდან და მოუხდებათ ამ რეგიონის დატოვება მთლიანად. ეს არის აბსოლუტური გარდუვალობა უახლოეს წლებში! რუსეთი რომ ცუდ ფორმაშია, უკვე ყველამ გაიგო. ის, რომ რუსეთი ახლანდელი საფრთხეა, ესეც ყველამ გაიგო“.