საზოგადოება
სააკაშვილი: „რუსეთი ყველას სწორედ არეულობით და ქაოსით აკონტროლებს!“

1-sazz-2საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„ლიტვის პრეზიდენტმა თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ დავანებოთ თავი საქართველოს, მას ევრაზიის კავშირში უნდა შესვლა, მოდი, მივხედოთ მოლდოვას და უკრაინას. ასეთი რამე ევროპელ პოლიტიკოსს, მით უმეტეს მეგობარი ქვეყნიდან, ძალიან დიდი ხანია არ უთქვამს საქართველოზე, თუმცა ეს მოჰყვა მის საუბარს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სადაც მან, როგორც ჩანს, უთხრა, რომ ჩვენ ევრაზიის კავშირიც გვაინტერესებს.

ეს არ არის – მოდი, მენიუ ვნახოთ, დღეს რა გვაქვს ვახშამზე და სადილზე. ეს არის ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ფსიქოლოგია, ორი ფუნდამენტურად განსხვავებული განვითარება და უფრო მეტიც, ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის. ერი შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ  იმ პირობებში, როცა არის თავისუფალი. ყველაზე უარესი ადგილი იყო რუსეთის იმპერია, იმიტომ, რომ რუსეთს ბუნებრივად არ უნდა თავის კოლონიებში სიმშვიდე. ის აკონტროლებს ყველას სწორედ არეულობით და ქაოსით. რუსეთს არ მოსწონს სიმშვიდე და სტაბილურობა. მოსწონს არეულობა. ეს არის მათი ბუნებრივი ინსტინქტი“.