პოლიტიკა
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:
საქარველოში პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ეს სხვა, ცალკე კატეგორიის ხალხებია - პირველად მოხდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის, საერთოდ, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. აი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ წეღან, რომ კორუფცია არ იყო, ინფრასტრუქტრურა განვითარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს სიმპტომები და ნიშნები.
ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე პუტინისთვის. იმიტომ, რომ თუ ეს საქართველოს შეუძლია, ესე იგი შეუძლია ყველა ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე გაუბედურებული, ყველაზე დიდი მეხუთე კოლონა, სხვათა შორის. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომი რუსეთის სასოწარკვეთის ნიშანი უფრო იყო, ვიდრე გააზრებული პოლიტიკის, იმიტომ, რომ რეალურად საქართველომ დაიწყო ძალიან სწრაფი განვითარება, მეხუთე კოლონა დასუსტდა, ყველაზე სწრაფად ამას მიხვდა პუტინი. საქართველოს მაგალითის მოყვანა დაიწყეს იქ. მანამდე ვარდების რევოლუციამ შეაშინა - ხალხის მობილიზაციამ და დემოკრატიულმა ენერგიამ, რომელმაც ეს გამოაღვიძა და პუტინი იძულებული შეიქნა, გამოეყენებინა სამხედრო ძალა“.