უცხოეთი
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის ქალაქ ალეპოსთან გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური გაზი ზარინის ნიმუშები იდენტურია იმავე გაზის ნიმუშებისა, რომელიც 21 აგვისტოს დამასკოსთან გამოიყენეს, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Washington Post-თან ინტერვიუში.
„ძირითადი დასკვნა (რუსი ექსპერტების გამოძიება) იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში (ალეპოსთან) გამოყენებული ზარინის ტიპი კუსტარულია, ჩვენ ასევე გვაქვს მტკიცებულება, რომ 21 აგვისტოს დამასკოსთან გამოყენებული ზარინი ასეთივე იყო, ოღონდ უფრო მაღალი კონცენტრაციის“, - განაცხადა ლავროვმა.
სირიაში ვითარება 21 აგვისტოს მოვლენების შემდეგ გამწვავდა, როცა ამერიკის დაზვერვის ცნობით, სამთავრობო ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1.4 ათას კაცზე მეტი დაიღუპა. სირიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია.
რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები სირიის საკითხზე შეთანხმდნენ: მხარეებმა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება, სამხედრო ჩაურევლობა და სირიიდან ქიმიური იარაღის გამოტანა, შემდეგ კი, 2014 წლის ბოლოს მისი განადგურება გადაწყვიტეს. მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია გაეროს დებულების მე-7 თავის მიხედვით, რომელიც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებას ვარაუდობს.