პუბლიკაციები
ნანა დევდარიანი: „საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ავტომატურად დღის წესრიგში აყენებს აფხაზებისა და ოსების გენოციდის საკითხს!“

1-pres-16საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიულმემკვიდრეობისორგანიზებით სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ჩერქეზების გენოციდის აღიარება: მიზანი და შედეგები გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები - ქართველი მეცნიერები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – მოწვეული სტუმრების წინაშე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  მოხსენებებით წარდგნენ.

ჩერქეზული საკითხის ისტორული და პოლიტიკური კონტექსტ – ასეთი იყო გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ქალბატონი ნანა დევდარიანის მოხსენების თემა: „ბოლო დროს ძალიან „მოდაშია“ ერეკლე მეორის დადანაშაულება იმაში, რომ როგორ შეიძლებოდა არ გაკეთებულიყო არჩევანი ევროპის მიმართულებით და გაკეთებულიყო რუსეთისკენ. მოდით გავიხსენოთ რა ხდებოდა ევროპაში - ევროპის მთავარ სახელმწიფოებში ყველა მონარქი ან ჩამოახრჩვეს, ან თავი მოაჭრეს, ან გააძევეს და ა.შ. ხომ არ გვავიწყდება ჩვენ, რომ ერეკლე მეფე არ იყო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი - ის იყო მონარქი და არ წავიდოდა იქით, სადაც მონარქიებს ასეთ მდგომარეობაში აგდებდნენ.

მოდით, გადავხედოთ ისტორიის ქრონოლოგიას: თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტერმინი „გენოციდი“ შეიძლება გადავიტანოთ წარსულში თუნდაც ფიგურალურად და გამოვიყენოთ ის, როგორც მომხდარის აღწერილობა, მაშინ მე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს - მოდით, ვნახოთ, რა მოხდა ამერიკელი ინდიელების შემთხვევაში და იყენებენ თუ არა თავად ამერიკული ფონდები ამ შემთხვევაში ტერმინ „გენოციდს“. ევროპელი კოლონიზატორების მიერ 15 მილიონამდე ინდიელია განადგურებული და ამ ფაქტს ამერიკელი მკვლევარები და ანალიტიკოსები დემოგრაფიულ კატასტროფას უწოდებენ. ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც დღეს განვითარებული ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები ჭკუას არიგებენ ჩვენნაირ ქვეყნებს იმის შესახებ, რომ ქსენოფობია ცუდია, ჰომოფობია ცუდია, ტოლერანტული უნდა იყო და ა.შ. მაშინ, როდესაც მთელ მათ ისტორიას ოდნავ თითი რომ დააჭირო, სისხლი ჟონავს!..

დავუბრუნდეთ თანამედროვეობას და ვნახოთ, სად გაჩნდა პირველად ოფიციალურ დონეზე განცხადებები ჩერქეზთა გენოციდის შესახებ - ეს არის 1992 წელს ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი საბჭოს და 1994 წელს ადიღეის პარლამენტის მიერ გამოყენებული ტერმინი, როდესაც ისინი აფიქსირებდნენ ჩერქეზი ხალხის მასობრივ განდევნას ტერიტორიიდან, მაგრამ აქვე არის ერთი სერიოზული მომენტი, რომელიც მიგვანიშნებს, თუ სად არის ჩვენთვის „შენელებული მოქმედების ნაღმი“, რადგან ამავე წყაროებში ნახსენებია, რომ გარდა ჩერქეზებისა, საუბარია მონათესავე ხალხებზე, აფხაზებზე და სხვებზე. აფხაზების აღნიშნულ გენოციდზე მიბმა სრულიად არ არის შემთხვევითი, თუ გავიხსენებთ იმ განცხადებასაც, რომ ქართველებმა აფხაზების და ოსების გენოციდი მოაწყვეს, ჩვენ მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ავტომატურად დღის წესრიგში აყენებს აფხაზებისა და ოსების გენოციდის საკითხს.

მაინტერესებს, როგორ უნდა აღვიქვათ ეს, რომ ქართველები არ იყურებიან დოკუმენტებში, როგორც ეს მოხდა დსთ-დან გასვლის შემთხვევაში, თუ შეგნებულად გაკეთდა?! თუ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა ამ დოკუმენტების შესახებ, მაშინ გამოდის, რომ მათ შეგნებულად მიაყენეს დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

სამწუხაროდ, კოლონიზაციის მცდელობები თანამედროვე მსოფლიოში დღესაც ხდება, ოღონდ ამას აღარ ჰქვია კოლონია და მეტროპოლია, ამას ჰქვია დემოკრატიის დამყარება. არის ასეთი ახალი ანეკდოტი სოციალურ ქსელში – „ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს ბუნებრივი აირი და ნავთობი, სისხლისმსმელი პინგვინების რეჟიმს სულ მალე მოეღება ბოლო!“. ყველაფრის უკან დგას რესურსების საკითხი, მეორე ადგილზეა საკუთარი ეროვნული ინტერესების გავრცელება სხვადასხვა რეგიონში.

დღევანდელი ვითარებით, ჩერქეზეთში არანაირი ენთუზიაზმი არ შეინიშნება იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ფაქტი გენოციდად აღიარა. ეს ყველაფერი იყო გარედან მართული. ის ხელისუფლება, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღნიშნული აღიარებით რუსეთის გაბრაზება მოუნდება, ნამდვილად არ არის ადეკვატური.

მინდა დავუბრუნდე იმას, რითაც დავიწყე, ერეკლე მეორეს შეცდომა არ დაუშვია გეოპოლიტიკურ არჩევანში, რადგან მას ტახტზე მეტად სამშობლო უყვარდა. დღევანდელ პოლიტიკოსებს თავისი სავარძელი უფრო უყვართ, ვიდრე ქვეყანა, პრობლემა ამაშია. მთელი ეს აღიარება ჩერქეზთა გენოციდის შესახებ ამის ნათელი დადასტურებაა.“