"დარწმუნებული ვარ, ფილიპ ლეფორის პასუხი იქნებოდა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს ხელშეუხებელი. აქედან გამომდინარე, პრინციპულად არასწორი მიდგომაა, როდესაც ბატონი კარასინი ამბობს, რომ ჩვენ თითქოს ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან", - ამბობს ფანჯიკიძე.
ცნობისთვის: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მავთულხლართების გავლება იყო. ლეფორსა და კარასინს შორის დიალოგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ კარასინმა შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის პროვოკაციული აქტიურობისა და პროპაგანდისტული ისტერიის გამო. რუსი დიპლომატის მტკიცებით, საქართველოს სიღრმეში მავთულხლართების გადმოტანა სიცრუეა. კარასინმა ლეფორს განუცხადა, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მზად, 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შედეგების შეუქცევადობა ეღიარებინა.
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დამკვირვებლებს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინონ, რათა თბილისმა თავი შეიკავოს საზღვრისპირა რაიონებში უპასუხისმგებლო ნაბიჯებისგან", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.