შსს აქტიურადაა დაინტერესებული გალის რაიონში IPRM-ის ფორმატის შეხვედრების აღდგენით, რომელიც თავის მხრივ იმართება საერთაშორისო მედიაციით და ეფექტური მექანიზმია ადგილზე არსებული პრობლემების თუ სხვადასხვა ინციდენტის თავიდან აცილების და დარეგულირების კუთხით. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები გალის რაიონში 2012 წლის აპრილში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის ანჯეი ტიშკევიჩის ე.წ. "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩაიშალა.
ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით შსს აქტიურად თანამშრომლობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელის, ბატონ ტოივო კლაარის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით უმალვე მოხდება გალის რაიონში ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება.
შსს ოკუპირებულ აფაზეთში და გალის რაიონში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალებისა თუ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ წარმოებულ უკანონო ქმედებების ფაქტებს.
სამინისტრო აღნიშნულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ყველა იმ პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებითა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებით.