სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ეწვია

1-ministr-estonyaსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ელმარ ვაჰერს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. მინისტრი ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის სტრუქტურას, კომპეტენციებსა და რეფორმებს გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა თავის კოლეგასთან - ესტონეთის შს მინისტრ კენ-მარტი ვაჰერთან.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ლატვიაში, სადაც თავის კოლეგას, ლატვიის შს მინისტრს და სახელმწიფო პოლიციის უფროსს შეხვდა. მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები ლატვიის თავდაცვის სამინისტროში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

შეხვედრებზე ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას და „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 28 სექტემბერს დასრულდება.

1-ministr-estonya-2