უცხოეთი
ალექსანდრე ანქვაბი: „ჩვენ ამერიკული „სადნობი ქვაბის“ მომხრე არ ვართ“

1-ankvab_02საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. „კულტურის“ საუბარი აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან აფხაზეთში რფ-ის საელჩოს პირველი მდივნის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

კულტურა: ბოლო 20 წლის განმავლობაში აფხაზეთი, როგორც ნაციონალური სახელმწიფო, თავის შიდა პოლიტიკას წარმართავს. თუმცა, აქ ბევრია სომეხი, რუსი, მეგრელი. ახერხებენ თუ არა ამ ერების წარმომადგენლები ერთიან აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირებას?

ანქვაბი: რუსი და სომეხი ხალხის ინტეგრირების პრობლემაზე საუბრის საჭიროება არაა. ამ ხალხებთან ჩვენ მუდამ მეგობრულად ვცხოვრობდით და ჩვენს დამოუკიდებლობასაც ვიცავდით.  თუმცა, რაც შეეხება გალის რაიონს, რომელიც უმეტესწილად მეგრელებითაა დასახლებული, იქ გარკვეული პრობლემებია. ომის შემდგომ წლებში რაიონში მაღალი იყო კრიმინოგენური სიტუაცია, გახშირდა ტერაქტები. მას შემდეგ, რაც აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის დაცვა რუს მესაზღვრეებთან ერთად დავიწყეთ, იქ შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა.

კულტურა: უსამართლობა ხომ არაა, რომ ქართულენოვანმა მოსახლეობამ 1992-1993 წლების შემდეგ დაბრუნება მხოლოდ გალის რაიონში შეძლო? შეუძლია თუ არა სოხუმში დაბადებულ  ქართველს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლიურ სახლში დაბრუნდეს?

ანქვაბი: არა. აფხაზი საზოგადოება მას არ მიიღებს. რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა იყოს მიღებული საკანომდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ეს ძალიან გაამწვავებს სიტუაციას.

კულტურა: მოხდა თუ არა რაიმე ცვლილება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო?

ანქვაბი: დიახ. მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა. ჩემ მიერ ნახსენები ტერორიზმი გალის რაიონში ხომ სახელმწიფოებრივი იყო - ეს ყველაფერი სააკაშვილის ბრძანებით კეთდებოდა. თავადაც არაერთხელ ჩამოსულა საზღვართან და იქიდან გვემუქრებოდა. საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან არაფერი ამდაგვარი არ მომხდარა. თუმცა, ჩვენს პოზიციას არ ვუკავშირებთ იმას, თუ როგორი ხელმძღვანელობა იქნება თბილისში. ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს, გვერდიგვერდ ცხოვრება გვიწევს. ამიტომ წინადადებას ვთავაზობთ, კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვქონდეს. ამასთან, დროა საქართველო შეეგუოს იმას, რომ აფხაზეთი აღარასოდეს დაბრუნდება მის შემადგენლობაში. სხვათა შორის, ჩვენ დიდი ხანია ვთავაზობთ თბილისს მშვიდობისა და თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე ხელმოწერას, თუმცა ქართული მხარე ამაზე არ მოდის.