სამართალი
ქართველი სამხედრო პოლიციელები ნატოს სამხედრო პოლიციასთან ითანამშრომლებენ

1-sam-2-qartv-samxedroebiსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ნატოს ეგიდით სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელთა კონფერენცია გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ მიიღო. კონფერენციაზე ნატოს ქვეყნების სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული ყურადღება მულტინაციონალური ბატალიონის საკითხს დაუთმეს. ფორუმის მონაწილეებს ბატალიონის ისტორიის, მიზნებისა და სტრუქტურის, ასევე შესაძლებლობების, განხორციელებული ოპერაციების (მისიები), წვრთნების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ნატოს ქვეყნების სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონში ამ ეტაპზე პოლონეთი – ასეულის, ხოლო ჩეხეთი, სლოვაკეთი და ხორვატია ოცეულების დონეზე არის წარმოდგენილი. ნატოს ქვეყნების სამხედრო პოლიციის ბატალიონის სტრუქტურის დოკუმენტი ალიანსის არაწევრი ქვეყნებისთვისაც ღიაა. ქართულ მხარეს მომავალში მულტინაციონალურ ბატალიონთან თანამშრომლობის საშუალება მიეცემა. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ ნატოს სამხედრო პოლიციის სწავლებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელთან, პოლკოვნიკ ვასილევსკისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს სამხედრო პოლიციის ნატოს სამხედრო პოლიციის უმაღლესი სწავლებისა და შეფასების ცენტრთან თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

საუბარი შეეხო, ასევე, ქართველი სამხედრო პოლიციელების სპეციალურ კურსებზე მივლინების შესაძლებლობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს. ვიცე-პოლკოვნიკი ჩიხრაძე, აგრეთვე, პოლონეთის ჟანდარმერიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ მიროსლავ როზმუსს შეხვდა და საქართველოს სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის გადამზადების, ოპტიმალური საბრძოლო ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე ესაუბრა.

პოლონური მხარე თანამშრომლობისათვის მზაობას გამოთქვამს. აღნიშნული მიზნით პოლონეთში საქართველოს სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა ვიზიტი მომავალი წლის თებერვლისთვის დაიგეგმა.