აქტუალური
NDI: საპრეზიდენტო არჩევნები კარგად ჩატარდება - 77%, გაყალბდება - 11%

1-archev-akt-3საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან (21%) ან მეტ-ნაკლებად კარგად (56%) ჩატარდება, 11%-ის აზრით, ნაწილობრივ გაყალბდება, ხოლო 1% თვლის, რომ სრულებით გაყალბდება.

გამოკითხულთა მხოლო 18 პროცენტი ამართლებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალე გადადგეს თანამდებობიდან, 71% არ ამართლებს, ხოლო 11%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

NDI-მ მოსახლეობის განწყობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გამოიკვლია. გამოკითხულთა 51% ეთანხმება იმ მუხლის ამოღებას, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია, 48%-ს მოსწონს, რომ პრემიერ-მინისტრს აღარ ექნება უფლება, დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე. 44% ეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო ყოფნას. კვორუმის ¾-ით გაზრდას გამოკითხულთა 34% ემხრობა.