საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო დღეებში საქინფორმის რედაქციაში სხვადასხვა წყაროდან შემოვიდა ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად შევამოწმებთ. მიუხედავად ამისა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ პრევენციული ზომები მივიღოთ და მოსახლეობა გავაფრთხილოთ – არ წამოეგონ ხრიკს, რომელიც, როგორც ერთ–ერთი წყარო ირწმუნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ხათუნა გოგორიშვილის და მიშა მაჭავარიანის მიერ არის მოფიქრებული!
საქმე შემდეგშია: საქართველოში დღეს საიდუმლო არავისთვის არის, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალები“ შეეცდებიან, თავისი კანდიდატი ბაქრაძე მე–2 ადგილზე გაიყვანონ და „ნაცმოძრაობას“ სახელმწიფოში მე–2 (მმართველის შემდეგ) პარტიის და, ამით, ერთადერთი რეალური ოპოზიციის სტატუსი დაუმკვიდრონ. მერე შეიძლება კოალიციური მთავრობის მოთხოვნაც, ვიცე–პრეზიდენტის პოსტის შემოღება და მასზე ბაქრაძის დანიშვნაც, ხოლო პარლამენტში, ძალოვან სტრუქტურებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ნაცმოძრაობა“ ისედაც უაღრესად შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი...მაგრამ, თუ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მონიტორინგი დაადასტურებს, რომ ბურჯანაძის გასწრება და მე–2 ადგილზე გასვლა შეუძლებელია, არჩევნების გაყალბების ზემოხსენებული სპეციალისტები გეგმა „ბ“–ს აამოქმედებენ, კონკრეტულად: კოორდინატორების, კურატორების, რწმუნებულების და სხვა აქტივისტების მეშვეობით მოსახლეობის, განსაკუთრებით ქვემო ქართლის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში, მოსყიდვას ეცდებიან – აგიტაციას გაუწევენ, რომ ბიულეტენები შემდეგნაირად გააფუჭონ – ყველა გვარი გადახაზონ და მსხვილი ასოებით დაწერონ: „მიხეილ სააკაშვილი“, თითქოს ხმის მიმცემი საყვარელი პრეზიდენტის მხურვალე მხარდამჭერი იყო! ამის სანაცვლოდ თითოეულ ამომრჩეველს დაჰპირდებიან როგორც გარკვეულ თანხას, ისე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებას იმ შემთხვევაში, თუ „ყველაფერი ისე წავა, როგორც საჭიროა“ და „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას დაიბრუნებს.
შედეგად, თუ გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა, საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნით, კრიტიკულ ნიშნულს გასცდება, არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადებს, რომ „ივანიშვილის მთავრობას, რომელიც წინა ხელისუფლების – „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, თვითონ არა მარტო სახელმწიფოს მართვის უნარი არ აქვს, არამედ ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების სათანადოდ ორგანიზება და ჩატარებაც ვერ მოახერხა!“. შემდგომ მოვლენები საქართველოში შესაძლოა გაუთვალისწინებელი სცენარით განვითარდეს...