უცხოეთი
მილიარდერი სოროსი მესამედ დაქორწინდა

1-zar-2-sorosსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ცნობილი ფინანსისტი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი კიდევ ერთხელ დაქორწინდა  მან ცოლად შეირთო 42 წლის ტამიკო ბოლტონი, - იუწყება სააგენტო „რეიტერი“.

ქორწილი შაბათს გაიმართა, მოკრძალებული ცერემონიითა და ურთიერთფიცით. ცერემონიაზე, რომელიც სოროსის სახლში, ქალაქ ბედფორდში გაიმართა, მიწვეული იყვნენ მხოლოდ ახალდაქორწინებულთა ნათესავები.

შემდეგ კი მდიდრული ზეიმი დაიწყო. 500-მდე სტუმარი კერამურის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრს ეწვია, სადაც მილიარდერის ქორწილთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. ახალდაქორწინებულთა მისალოცად მსოფლიო ფინანსური ელიტის წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კრისტინ ლაგარდი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი. სტუმრებს შორის იყვნენ რიგი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები და ჯგუფ U2 ბონოს მუსიკოსიც.

ეს 83 წლის სოროსის მესამე ქორწინებაა. ბოლტონისთვის კი ის მეორეა. წყვილმა ერთმანეთი 2008 წლის გაზაფხულზე გაიცნო. ბოლტონი, რომელიც უწინ საკვები დანამატებით ვაჭრობდა ინტერნეტში, ამჟამად ფლობს კომპანიას, რომელიც იოგას ონლაინ-ვარჯიშების სწავლებითაა დაკავებული.

ჟურნალი „ფორბსი“ სოროსის ქონებას 20 მლრდ დოლარად აფასებს.

სოროსის კარიერული აღმასვლა 1956 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი ლონდონელი მეგობრის მამამ იგი თავის საბროკერო კომპანიაში დაასაქმა უოლ-სტრიტზე.  სოროსს საქმეები წარმატებით მისდიოდა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა, ხოლო 1967 წელს დამსაქმებელს ახალი პროექტი შეთავაზა: ერთ-ერთ ოფშორში საინვესტიციო ფონდის შექმნა, რომელსაც თავად ჩაუდგებოდა სათავეში. კიდევ ორი წლის შემდეგ იგი ახალი ფონდის ხელმძღვანელად და თანამფლობელად იქცა, რომელიც მოგვიანებით ცნობილ Quantum Group-ად გადაიქცა და სოროსს სახელი და სიმდიდრე მოუტანა.

1-zar-soros-1