აქტუალური
გორის მუნიციპალიტეტში 7 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

1-aqtual-3-narmaniaსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის კარალეთი-ქვეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გზის რეაბილიტაცია, როგორც პრიორიტეტი, ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთო კრებაზე გამოკვეთა - აღნიშნული გზის დიდ მონაკვეთზე აღარ არსებობდა ასფალტის საფარი, რის გამოც მასზე გადაადგილება ჭირდა. პროექტის მიხედვით, 9500-მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ახალი ასფალტის საფარი და მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. შედეგად, კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეძლებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

კარალეთი-ქვეშის გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. მთლიანობაში გორის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი 

პროექტების ფონდიდან 7 პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა. ამ თანხის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია, აშენდება ორი საავტომობილო ხიდი, მოწესრიგდება საკანალიზაციო 
და წყალმომარაგების სისტემები. აღნიშნული სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე 
დასრულდება.