სამართალი
პუტინი: „თუ არ მოვახდენთ ჩვენი ძალების კონცენტრაციას ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის ურთიერთპასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე, ისტორიულ კონკურენციაში დავმარცხდებით“

1-pravo-1-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„თუ არ მოვახდენთ ჩვენი ძალების კონცენტრაციას ადამიანების განათლებასა და ჯანმრთელობაზე, ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის ურთიერთპასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, დაბოლოს, საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე, ისტორიულ კონკურენციაში დავმარცხდებით. რუსეთის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის, მხარის, თავისი პატარა სამშობლოს, თავისი ქონების, საკუთრების და თავისი ცხოვრების პასუხისმგებელ პატრონებად უნდა გრძნობდნენ თავს.

მოქალაქე – ის არის, ვისაც საკუთარი საქმეების დამოუკიდებლად გაძღოლა და თავის თანასწორებთან თავისუფლად თანამშრომლობა შეუძლია. მოქალაქეობრიობის საუკეთესო სკოლა კი – ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა თვითმოქმედი ორგანიზაციებია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს არაკომერციული ორგანიზაციები. სხვათაშორის, ერთ–ერთი საუკეთესო რუსული პოლიტიკური ტრადიცია, საერობო ტრადიცია, ასევე სწორედ თვითმმართველობის პრინციპებზე იყო აგებული. მხოლოდ თვითმმართველობის ეფექტიანი მექანიზმებიდან შეიძლება გაიზარდოს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება და ნამდვილი ეროვნულად ორიენტირებული ელიტა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩათვლით, რომელსაც საკუთარი იდეოლოგია, ფასეულობები, კარგისა და ცუდის საზომები, საკუთარი და არა თავსმოხვეული (მითუმეტეს, საზღვარგარეთიდან) მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ექნება. სახელმწიფო მზად არის ენდოს თვითმოქმედ და თვითმმართველ სტრუქტურებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის ვენდობით. და ეს აბსოლუტურად ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა, სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას ამაღლებს“.