პუბლიკაციები
რასისტები და მონათმფლობელები

1-an-rabovladelciსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ირინა როდნინას მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ფოტოკოლაჟმა „ინტერნეტ-ზაზუნების“ ისტერია გამოიწვია, რომელთაც როდნინა რასიზმში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ, რუსეთში შეერთებული შტატების საელჩომ გამოხატა პოზიცია. მაგრამ საელჩოს აშკარად ვერ გამოუვიდა: „რასისტი“ როდნინას გაქარწყლება საელჩომ აშშ-ის ერთ-ერთი ე. წ. „მამა-დამაარსებლის“, მესამე პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის ციტატით მოახდინა, რომელიც, შეიძლება, არ იყო არატოლერანტი რასისტი, სამაგიეროდ, გახლდათ ტოლერანტი მონათმფლობელი. ისევე, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი და სხვა „მამა-დამაარსებლები“, ჯეფერსონიც არ ამბობდა მონების ფლობაზე უარს. ახლა შეიძლება, ვკითხოთ აშშ ელჩს მოსკოვში: რა არის უკეთესი - იყო არატოლერანტი რასისტი თუ ტოლერანტი მონათმფლობელი?

სასაცილოა ხოლმე, როდესაც აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურები ვინმეს რასობრივ ან სხვა სახის არატოლერანტობაში ადანაშაულებენ. თავად ამერიკაა არატოლერანტობის პირველი მაგალითი. „მამა-დამაარსებლები“  - ვითომ დემოკრატები, სინამდვილეში კი ტიპიური ოლიგარქები, ყველაფერთან ერთად, მონათმფლობელური წყობილების დარწმუნებული მომხრეები იყვნენ, ხოლო რასიზმი აშშ-ში სახელმწიფო დონეზე, სხვადასხვა ფორმით, მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე ვლინდებოდა!

დიახ, ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და აშშ-ს ჰყავს შავკანიანი პრეზიდენტი. ცოტა უფრო ადრე შავკანიან კოლინ პაუელსა და კონდოლიზა რაისს ეკავათ სახელმწიფო მდივნის პოსტი. რა თქმა უნდა, ეს იმის მოწმობაა, რომ აშშ-ში კანის შავი ფერი კარიერულ საფეხურზე წინსვლისათვის შემაფერხებელი არ არის, ანუ, სახელმწიფო დისკრიმინაციას ადგილი თითქოს აღარ აქვს. მაგრამ შეიძლება, რომ ეს მივიჩნიოთ იმ სახელმწიფოსათვის დიდ მიღწევად, რომელიც მსოფლიო ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას? ამავე დროს, როდესაც შეერთებულ შტატებში შავკანიანები ვალდებულნი იყვნენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი თეთრკანიანებისთვის დაეთმოთ, საბჭოთა კავშირში სახელმწიფო პრაქტიკა ინტერნაციონალიზმი და ხალხთა მეგობრობა იყო  - და ამის გამო რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ?

ობამა და მისი მეუღლე არა მხოლოდ ამერიკელებს, არამედ დედამიწის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შორის იწვევდნენ სიმპათიას, როდესაც ობამა პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2009 წელს. შესაძლოა, იგი გულახდილად იძლეოდა დაპირებას, რომ დახურავდა სამარცხვინო გუანტანამოს ციხეს და აღარ გააგრძელებდა ომების წარმოებას. მაგრამ ობამა, თუმცა იგი პრეზიდენტია, მაინც მონაა. მონაა არა იმიტომ, რომ მას კანის მუქი ფერი აქვს, არამედ იგი ამერიკის პოლიტიკურ სისტემას ემონება, რომელსაც ოლიგარქები და სპეცსამსახურები აკონტროლებენ. სწორედ მათი ინტერესები აიძულებს აშშ-ის პრეზიდენტს, განაგრძოს აგრესიული საგარეო კურსი, გაანადგუროს მთელი ხალხები და სახელმწიფოები - სირიაში მიმდინარე მოვლენებს სხვაგვარად ვერ დაარქმევ. ყველაზე მშვიდი, სტაბილური არაბული სახელმწიფო სირია გარედან იქნა შერყეული, სირიელებს მიუსიეს პათოლოგიური მკვლელები და ტერორისტები, მთელი ქვეყანა სისხლით მორწყეს და ამასაც არ კმარობენ, ამერიკა პირდაპირ იმუქრება მისი დაბომბვით.

მაგრამ მონად ყოფნა - გამართლება არ არის. ყველა ჩვენგანს აქვს უფლება, ობამასა და მის ერთგულ მეუღლეში მაიმუნი და თუნდაც სატანა დაინახოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: კანის ფერს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაიმუნთან ასოცირება ობამას წინამორბედ, თეთრკანიან ბუშსაც შეიძლება, გამოეწვია! და სხვა ნებისმიერ პრეზიდენტს, რომელიც ბოროტებას სჩადის და მთელი მსოფლიოსთვის უბედურება მოაქვს! სწორედ ბუშის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს სულით მახინჯ სააკაშვილს საქართველოში, და მისი კანის თეთრი ფერი შვების გრძნობას სულაც არ გვანიჭებდა!

ევრაზიის ინსტიტუტი
გულბაათ რცხილაძე