პოლიტიკა
რუსი დიპლომატის ვიშერნევის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოში დააკავეს

1-lakaevსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში დააკავეს სოხუმში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, – აუწყა „ინტერფაქსს“ წყარომ აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოებიდან.

მკვლელობაში ლაკაევის მონაწილეობა დაადასტურა ასაფეთქებელი მოწყობილობის ელემენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის მოლეკულურ–გენეტიკურმა ექსპერტიზამ, თუმცა თავდასხმის მიზეზები ჯერ კიდევ დასადგენია. გარდა ამისა, აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ლაკაევი 2011 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან რუსეთის ტერიტორიაზე. Life News–ის ცნობით, ჩეჩენი იმ 81 პირის სიაშია, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ.

აფხაზეთის ხელისუფლებამ მკვლელობის გახსნა დაადასტურა. გამოძიების წარმატებით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს მოახსენეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, დიპლომატის მკვლელობის შემდეგ ლაკაევი საქართველოში გადავიდა, საიდანაც თურქეთში აპირებდა გადასვლას, მაგრამ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

36 წლის დიმიტრი ვიშერნევს და მის მეუღლე ოლგას 9 სექტემბერს სოხუმში დაესხნენ თავს, როდესაც ისინი სამსახურის ავტომობილში სხდებოდნენ.

ქილერმა სულ ცოტა ხუთჯერ გაისროლა დიპლომატის მიმართულებით. ვიშერნევი ადგილზე გარდაიცვლა, მისი მეუღლე მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ის გასულ შაბათს გარდაიცვალა.

პრესის მონაცემებით, მკვლელობის შემდეგ ლაკაევი საქართველოში ჩამოვიდა, სადაც თავისი მეგობრების ფირუზ წულუკიძის და თემურ ბახუნტარიძის დახმარებით თურქეთში გადასვლას ცდილობდა.

13 სექტემბერს ბათუმში დაკავების დროს ლაკაევმა პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს და ერთ–ერთი მათგანი დაჭრა, დაიჭრა შემთხვევითი გამვლელიც. საპასუხო ცეცხლით თავად ლაკაევიც დაჭრეს. ორ მეგობართან ერთად ის გასულ ორშაბათს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება როგორც ლაკაევის, ისე მისი მეგობრების – წულუკიძის და ბახუნტარიძის ორი თვით დაპატიმრების შესახებ.

გამოძიება დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობას განაგრძობს. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით, დიპლომატს შესაძლოა გასწორებოდნენ რუსეთის საელჩოს მშენებლობაზე მსხვილი კონტრაქტების გამო. გარდა ამისა, სამართალდამცავ ორგანოებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია მკვლელობა უკავშირდებოდეს გასულ წელს ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩის უგზო–უკვლოდ გაუჩინარებას. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ დიმიტრი ვიშერნევი, შესაძლოა, მის ძებნაში მონაწილეობდა.

http://www.newsru.com/world/19sep2013/vishernev.html