საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს დილიდან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და განსახლების საკითხზე მსჯელობდნენ.
"ქორთიარდ მარიოტში" პროექტთან დაკავშირებით მსჯელობის პარალელურად სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც უფლებადამცველები ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მართავდნენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის მშენებლობა დამღუპველ კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს და სვანეთში ბუნება და ისტორიული ადგილები განადგურდება. მათივე განცხადებით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ, სვანეთში ჩავლენ და გვერდით დაუდგებიან იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიფიცეს, რომ ხუდონჰესი არ აშენდება.
აქციის მონაწილეები 26 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებენ, რათა პრემიერ ივანიშვილს ჰესის მშენებლობის შეჩერება კიდევ ერთხელ მოსთხოვონ.