აქტუალური
საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა ხან მოჰამადიმ უმასპინძლა.
მხარეებმა ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობის გამყარების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ქართულ სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლა-განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. „ერთ-ერთი შეთანხმებით, ჩვენს სამინისტროებს შორის მომზადდება და შემდგომ გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სამართლებრივ ბაზას მოგვცემს, უფრო აქტიურად დავეხმაროთ ავღანურ მხარეს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. ავღანელ ჯარისკაცებს ქართულ სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მოვამზადებთ. ასევე მომავალში, როდესაც ISAF-ის ოპერაცია დასრულდება, შესაძლებლობა გვექნება, პირდაპირი კავშირებით აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა ავღანელებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის, არამედ თვითონ ალიანსისთვისაც, რომ ამ ოპერაციის სხვადასხვა აქტიურმა მონაწილე ქვეყანამ ავღანური უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.