საზოგადოება
ირაკლი კაკაბაძემ პანფილოვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იმპერიალისტი უწოდა

1-kakabaZe-panfilovსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. კვესიტაძის განმარტებით, მას არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ კონტრაქტი შეუწყვიტა, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ის არჩევნების გაშუქებაზეც აისახება. ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის მიერ არხის შენობაში გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრები მივიდნენ.

ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის თოქშოუების დახურვას ითხოვდნენ. კვესიტაძემ კაკაბაძისა და კორკოტაშვილის დარბაზიდან გაყვანა ითხოვა, რის პასუხადაც კორკოტაშვილმა განაცხადა: „ეყოთ ამ 9 წლის განმავლობაში, რაც შხამეს ხალხი ტელევიზიიდან. ახლა სხვა ტელევიზიაა უკვე, სხვა ნორმაზეა და სხვა ჭკუაზე დადგა ხალხი. ეყოფათ ხალხის წამვლა საზოგადოებრივი ტელევიზიიდან. წავიდნენ და კერძო ტელევიზიებიდან რამდენიც უნდათ ისაუბრონ“.

 

პირველი არხის შენობასთან „სამოქალაქო სოლიდარობის“ წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას კონტრაქციით უპასუხეს ჟურნალისტების მხარდაჭერებმა და მათ შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ირაკლი კაკაბაძე და ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომლის განცხადებით, კაკაბაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იმპერიალისტი უწოდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა საპატრულო პოლიციას გადასცა. პანფილოვის მოთხოვნით საპატრულო პოლიციამ ოქმი შეადგინა.

კვესიტაძე-პაიჭაძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ირაკლი კაკაბაძეს მიმართა: „გიხარია, ქალაქი ნარკომანებით რომაა სავსე?“, რაზეც კაკაბაძემ მიუგო: „ნარკომანი შენი პრეზიდენტია! ჭიაბერაშვილი არ სვამს წამალს? მტკიცებულებები არსებობს“, რაზეც პასუხად მიიღო, რომ იგი პროვოკატორია. „პროვოკატორი შენა ხარ და შენი პრეზიდენტი ნარკომანია!“ - უპასუხა მას კაკაბაძემ, რომელმაც აქცია საპატრულო პოლიციის დახმარებით დატოვა.