აქტუალური
ხმაური ხუდონჰესის გარშემო: მოსახლეობა ხელისუფლებას „ჩაძირვაში“ ადანაშაულებს

1-khudonhesსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. სოფელ ხაიშში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ადგილობრივების, ინვესტორი კომპანიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში 200-მდე ოჯახს, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, სოფლის დატოვება მოუწევს, თუმცა ადგილობრივები ამ  შეთავაზებას არ თანხმდებიან.

ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ხაიშელებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ყველა მოსახლე შესაბამის კომპენსაციას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიიღებს. თუმცა, რამდენიმესაათიანი ხმაურიანი კამათი ხაიშში შეთანხმების გარეშე დასრულდა. კომპანია „ტრანს-ელექტრიკა“ და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები საბოლოო შეთანხმებისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას კიდევ გეგმავენ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გარემოს დაცვის მინისტრმაც გააკეთა.

„ხუდონის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სამინისტროში არის შემოტანილი წინასწარ განხილვაზე. შენიშვნების მიღების შემდეგ მოხდება დოკუმენტის შესწორება და შემდეგ იწყება უკვე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესი“, - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი პირობას იძლევა, რომ ყველა ადგილობრივი მცხოვრების ინტერესი დაცული იქნება. ხუდონჰესზე სასაუბროდ ხაიშში ჩასვლას პრემიერიც გეგმავს.