პოლიტიკა
ანდრო ბარნოვი: „თქვენი მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ!

1-abaSiZe-karasiniსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა  შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს კახა ქემოკლიძის განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა გააძლიერონ.

"შესაძლოა" არა, ბატონებო, უნდა გააძლიეროთ! და მხოლოდ პატრულირება კი არ უნდა გააძლიეროთ, არამედ - რეალურად უნდა დაიცვათ მოსახლეობა! თქვენი მოდუნებულობისა და მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ!

არ შეიძლება მხოლოდ ბრიუსელსა და ჟენევაში ნაზი ხმით წარმოებული მოლაპარაკებების იმედად ყოფნა. ეს პრობლემები ძირითადად იმის გამოძახილია, რომ მოსახლეობა ამდენი ხნის მანძილზე სრულიად დაუცველი დატოვეთ! შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ პოლიცია და ჯარი ტყუილად არ ჰყავს ქვეყანას!", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ facebook–ით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 19 სექტემბერს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ოფიციალური შეხვედრა უნდა გაიმართოს.

„შეხვედრაზე განვიხილავთ სავაჭრო კავშირების აღდგენას, სატრანსპორტო კავშირების აღდგენას და ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო შეხვედრების წინ ასე იძაბება ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ცხინვალის რეგიონთან. იქ ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ ასე ხაზგასმით ჩვენი შეხვედრის წინ ხდება. ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება“, - განაცხადა აბაშიძემ.