საზოგადოება
აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ქართველი სამხედროების მომზადების დონით კმაყოფილია

1-sardaliსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრეიონი იმყოფება.

ამერიკელი სამვარსკვლავიანი გენერალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. მას მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გაუწია.

სამხედრო მაღალჩინოსნები სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების  ISAF-ის მისიისთვის მზადების პროცესს დაესწრნენ. გენერალ-ლეიტენანტი ტრეიონი კმაყოფილი დარჩა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მომზადების დონით. „ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო ქვეითების  გენერალ-ლეიტენანტის სტუმრობა ჩვენთან. ის ძალიან გამოცდილი გენერალია. მისი საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორ ემზადებიან ქართველი სამხედროები ამერიკელებთან ერთად მისიისათვის ავღანეთში“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

გენერლები ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორებს გაესაუბრნენ, რომლებიც ქართველ სამხედროებს ავღანეთში საერთაშორისო მისიისთვის ამზადებენ. მათ ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სიმულაციური ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.