დავით სერგეენკომ თავისი პიერ კარდენის ჰალსტუხით ავარიაში დაშავებულს სისხლდენა შეუჩერა
საქართველო, 18 სექტემბერი,
საქინფორმი. გაზეთ
„კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი
დავით სერგეენკო თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული ავიაშოუს სანახავად მიდიოდა, როდესაც მოსკოვის გამზირზე, „ლიბერთი ბანკის" ოფისთან, ქვეითად მოსიარულე მთვრალ
დენის ახმედოვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საცობმა მინისტრის ავტომობილიც შეაფერხა. სერგეენკომ შეჩერების მიზეზი გაიგო თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა.
"შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან სამ წუთში მივედით. დაზარალებულს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ჩვენს მისვლამდე ვიღაცას სისხლდენა შეეჩერებინა. ჰალსტუხი ჰქონდა გადაჭერილი ფეხზე. მამაკაცმა პაციენტი ჩაგვაბარა და ჩვენც ჩვენს საქმეს შევუდექით, რომ უცებ პატრული გვეუბნება, იცით, ახლა ვის ელაპარაკეთ, ამ კაცს ვინ უპატრონაო? მხრები ავიჩეჩეთ. უკან რომ მივიხედეთ, ის უკვე ავტომობილში ჯდებოდა.
გაოცებისგან დავიბენით - პაციენტი მინისტრმა ჩაგვაბარა, ჩვენ კი არც დავკვირვებივართ, ვინ გველაპარაკებოდა! შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დაზარალებულს ხედავ, სხვა რამეს ყურადღებას აღარ აქცევ... როდესაც მინისტრმა აგვიხსნა, რაც გააკეთა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც შემთხვევას შეესწრო. რას წარმოვიდგენდით, რომ მაშველი ჯანდაცვის მინისტრი აღმოჩნდებოდა?!", - თქვა გაზეთთან საუბრისას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის უფროსმა ექიმმა სვეტლანა ყორღანაშვილმა.
პიერ კარდენის დიზაინერულმა ჰალსტუხმა, როგორც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულების სიმბოლომ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სიგელებისა და თასების გვერდით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.