საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ორშაბათს ვაშინგტონში სამხედრო-საზღვაო ძალების ზედმიწევნით დაცულ ობიექტზე კბილებამდე შეიარაღებულმა თავდაცვის კომპანიის მოსამსახურემ 12 კაცი ჩაცხრილა და პოლიციასთან ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპა.
ქვედანაყოფები მთელი დღის განმავლობაში ჩხრეკდნენ რაიონს მისი თანამონაწილის აღმოსაჩენად და საღამოს დაასკვნეს, რომ ბოროტმოქმედი მარტო მოქმედებდა, ხოლო მისი მოტივების დადგენა ძიებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო.თეთრი სახლიდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარე Navy Yard-ის რაიონში ატეხილი სროლა, 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, როცა სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი დაიღუპა, ყველაზე მასობრივი მკვლელობა იყო.
„მოცემულ ეტაპზე არ ვფლობთ რაიმე მტკიცებულებებს ან მინიშებებს იმის თაობაზე, იყო თუ არა იქ კიდევ ერთი მსროლელი, თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშინგტონის მერმა ვინსენტ გრეიმ.
მისივე თქმით, ტერაქტის ვერსია არ გამოირიცხება, თუმცა ამის სერიოზული საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. მერმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ამერიკის დედაქალაქში ამ მასშტაბის საგანგებო ვითარება არ ახსოვს.
პოლიციის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე, 34 წლის აარონ ალექსისი შენობაში 8:20 საათზე შეიჭრა. მას თან ჰქონდა შაშხანა AR-15, რომელიც სააარმიო M-16-ის ანალოგიურია, ასევე თოფი და პისტოლეტი. ალექსისმა მოკლე ჯერები მიუშვა თანაშრომლებს, რომლებიც კაფეში საუზობდნენ. ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ამ შენობაში იყო.
პოლიციელებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველი სროლის შესახებ ცნობის მიღებიდან 7 წუთში გამოცხადდნენ, დამნაშავეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. ალექსისს აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ვინმე როლი ჩანსის სახელზე, რომელიც თითქმის წელიწადი ადმინისტრაციულ შვებულებაში იყო. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ ალექსისს არ იცნობდა.
მასმედიის მონაცემებით, ალექსისი კომპანია experts-ის თანაშრომელი იყო და საინფორმაციო ტექნოლოგიებით იყო დაკავებული. მანამდე, 2007-2011 წლებში კი სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და პასუხისმგებელი იყო საავიაციო ელექტრონიკაზე. ტელეარხ NBC-ის ცნობით, იგი სამსახურიდან შეუფერებელი საქციელის გამო გაათავისუფლეს.
ზოგიერთი გამოცემის ცნობით, ალექსისი ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, რამაც, შესაძლოა, პოსტტრავმული სინდრომი გამოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა აღნიშნული საქმის გამოძიებას თვალყურს ადევნებს. მისივე ბრძანებით, 20 სექტემბერს სახელმწიფო შენობებზე, სამხედრო ბაზებსა და დიპლომატიური მისიების შენობებზე გლოვის ნიშნად დროშები დაეშვება.