უცხოეთი
რაისი: გაეროს მოხსენებამ დაადასტურა სირიის ხელისუფლების კავშირი ქიმიურ იერიშთან

rais-ucx-1საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს ინსპექტორები ადასტურებენ, რომ 21 აგვისტოს დამაკოს მახლობლად ქიმიური იარაღი სირიის სამთავრობო ჯარებმა გამოიყენეს, - მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისს.

„მართალია, ინსპექტორების უფლებამოსილებაში არ შედიოდა პასუხისმგებელ პირთა დადგენა, მაგრამ მათ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური მტკიცებულებები – მათ შორის, მაღალხარისხიან ზარინსა და გარკვეული ტიპის რაკეტებზე - განამტკიცებს ჩვენს შეფასებას, რომ იერიში სირიის რეჟიმმა განახორციელა, იმიტომ რომ ამის საშუალება მხოლოდ მათ აქვთ“, - ნათქვამია რაისის განცხადებაში.

მისივე თქმით, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებამ გასული კვირის მიწურულს საფუძველი ჩაუყარა სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ სასწრაფო რეჟიმში მუშაობას რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გაეროსთან, ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციასა და სხვებთან. და თუ დიპლომატიური ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, აშშ კვლავაც მზად იქნება მოქმედებისათვის“, - განაცხადა რაისმა.