საზოგადოება
საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან

sakrebulo-tbilisiსაქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში 16:00 საათზე დაგეგმილ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან. უმცირესობის  განაცხადებით, რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობა ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებას გეგმავს, რომლის მიხედვით დაახლოებით 35 ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

მათი მტკიცებით, თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება და უმცირესობის ინფორმაციით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალი უმრავლესობისთვის სასურველი პირები ჩაანაცვლებენ.

ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი აღმოჩნდება სამსახურის გარეშე და ეს ხდება მაშინ, როდესაც საკრებულოს თავჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს ყავს 5 თანაშემწე და მაშინ, როდესაც საკრებულოს აპარატმა სულ ახლახანს მოახდინა ძვირად ღირებული ჯიპების შეძენა თანამდებობის პირებისთვის, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ დღევანდელი სხდომის მუშაობაში. რაც შეეხება საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ მომავალ სხდომას, აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოს აპარატის უფროსის გათავისუფლების საკითხს“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა ქეთევან ქოჩორაძე.

ამასთან, თბილისის საკრებულოს წევრ თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, უმცირესობა გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებისთვის იბრძოლებს.

„მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ასე უკანონოდ იქნებიან გათავისუფლებულები, მიმართონ სასამართლოს. ჩვენ თითოეული გათავისუფლებული ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა გრიგალაშვილმა.