აქტუალური
თავდაცვის მინისტრი დეტალურად გაეცნო ქართული შენაერთის პასუხისმგებლობის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას. 42-ე ბატალიონის მონახულებისას ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ პირადად დააჯილდოვა.
ვიზიტის ფარგლებში ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა შეხვედრა რეგიონული სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის მეთაურთან გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართველ სტუმრებს ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში 1600-მდე ქართველი მსახურობს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.