„პროკრედიტ ბანკთან“ დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველო, 17 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1967 წელს დაბადებული
ნოდარ ა. ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და ხაშურში „პროკრედიტ ბანკში“ ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს და ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.