სამართალი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 16 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორის ვინაობა დაადგინეს. ის 2000 წელს დაბადებული დავით ბ. აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:19 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო.