აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „საქართველოს ყველა პრეზიდენტი ერთიმეორეზე უარესი იყო!“

aqt-2-telegraphსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. სანამ ლატვიაში ფიქრობდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი დემოკრატია და ევროპულ რეფორმებს ატარებს, ამიერკავკასიის ამ ქვეყანაში სასტიკი, ანტისახალხო რეჟიმი დამკვიდრდა, - ამის შესახებ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ხნოს განმავლობაში კონტროლქვეშ მოექცა მასმედია და ბიზნესი, ციხეები კი პატიმრებით გაივსო. ადამიანებს აპატიმრებდნენ სამაგალითოდ, რათა სხვებს შიში ჰქონოდათ, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარიც იყო.

„ახლა ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით და სამართლიანობას აღვადგენთ. ამას ითხოვს ჩვენი ხალხიც. ევროპასა და აშშ-ში კი ეგონათ, რომ აქ დემოკრატია გვქონდა“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „არ გეშინიათ, რომ თქვენი წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში შესაძლოა მიხეილ საკაშვილი დაბრუნდეს?“ - პრემიერმა მიუგო:

„სანამ საქართველო არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ეს პარტია აღარასოდეს იქნება პოპულარული. საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატი ხმათა 10 %-ს აიღებს, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში პარლამენტში ვერც კი მოხვდებიან“. პრემიერმა იქვე დასძინა, რომ გადადგომის შემდეგ იგი აქტიური მოქალაქე იქნება.

„საქართველოს ყველა პრეზიდენტი ერთიმეორეზე უარესი იყო. ერთის მმართველობის პირობებში სამოქალაქო ომი დაიწყო, მეორე რევოლუციის გზით ჩამოაგდეს, მესამე კი ერთად აღებულ ორივე წინამორბედზე უარესი იყო“.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს პრობლემა სოციუმში მდგომარეობს, რადგან ხალხმა არც არჩევანის გაკეთება იცის და არც მათი გაკონტროლება შეუძლია, ვინც აირჩია. ამიტომ ქვეყანა 20 წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს.

„მე დავეხმარები საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანალიზში, გონებაზე და არა ემოციებზე დაყრდნობით. ერთად შევიმუშავებთ სიტუაციის სწორი შეფასების მექანიზმებს. ეს იოლი არ არის, რადგან 200 წელი ჩვენი ქვეყანა არ გვიმართავს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.