აქტუალური
შსს-მ მორიგი ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინა

aqtual-1-cruსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა „112“-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაადგინეს. ის ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები, არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული მათე ლ. აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ცრუ შეტყობინება 15 სექტემბერს, 20:55 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს სანდრო ეულის ქ. N5ა-ში მდებარე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა.

შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც პერიმეტრი ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და შენობიდან იქ მყოფი პირების ევაკუაცია ოპერატიულად მოახდინეს. ჩატარებული გამნაღმვითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

შსს კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, ცრუ შეტყობინების განხორციელებისგან თავი შეიკავონ. აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცრუ შეტყობინების ავტორების მიმართ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.