პოლიტიკა
პუტინი: „სირიული ალტერნატივა“

anal-pol-1-ptin-siriaსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სტატიას „სირიული ალტერნატივა“ , რომელიც ამერიკულ გაზეთ „ნიუ–იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა.

„დღეს მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ, კერძოდ, ვითარებამ სირიაში და მის გარშემო, მიბიძგა, რომ პირდაპირ მიმემართა ამერიკელი მოქალაქეების და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის. ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ პირობებში, როდესაც რუსულ და ამერიკულ საზოგადოებებს შორის კონტაქტებისა და ურთიერთობის დეფიციტი იგრძნობა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. ჩვენ ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს „ცივი ომის“ წლებში. მაგრამ მოკავშირეებიც ვიყავით, ერთად გავანადგურეთ ნაციზმი მეორე მსოფლიო ომში. და სწორედ იმ ომის შედეგების მიხედვით, მასშტაბური ტრაგედიის გამეორების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნა უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია – გაერო.

გაეროს დამფუძნებლებს ესმოდათ, რომ ომისა და მშვიდობის შესახებ სასიცოცხლო გადაწყვეტილებები მხოლოდ კონსენსუსით უნდა იქნეს მიღებული, და აშშ–ის დაჟინებით გაეროს წესდებაში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიტანეს. ამაში ღრმა აზრია ჩადებული, რომელიც მრავალი ათწლეულის მანძილზე საერთაშორისო ურთიერთობების მეტ–ნაკლებად მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

არავის სურს, რომ გაერომ ერთა ლიგის ბედი გაიზიაროს, რომელიც საერთაშორისო სიტუაციაზე ზემოქმედების ბერკეტების არარსებობის გამო დაიშალა. ასეთი რამ კი შესაძლებელია, თუკი გავლენიანი ქვეყნები ძალისმიერ აქციებს გაეროს გვერდის ავლით, მისი უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე განახორციელებენ.

მინდა აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატების დაგეგმილ დარტყმას სირიაზე, მრავალი ქვეყნის, მსხვილი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეების, თვით რომის პაპის სერიოზული და მწვავე ოპონირების მიუხედავად, მხოლოდ ახალი უდანაშაულო მსხვერპლის, კონფლიქტის ესკალაციის და მისი სირიის საზღვრებიდან შორს გავრცელების გამოწვევა შეუძლია. გარდაუვალია ძალადობის გაფართოება და ტერორიზმის ახალი ტალღა. სარაკეტო დარტყმამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მრავალმხრივ ძალიხმევას, რომელიც ირანის ბირთვული პრობლემის გადაჭრაზე და არაბეთ–ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზეა მიმართული, გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მთელი ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.  ამას შესაძლოა საერთაშორისო სამართლის სისტემასა და მსოფლიო წესრიგში ბალანსის დარღვევა მოჰყვეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ სირიაში დღეს ლაპარაკია არა დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაზე, არამედ მთავრობისა და ოპოზიციის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე მრავალკონფესიურ ქვეყანაში. დემოკრატიის დამცველი იქ არც ისე ბევრია. აი ყველა ჯურის ექსტრემისტები და ალ–კაიდელები კი ოპოზიციის მხარეს მრავლად არიან. სხვათაშორის, აშშ–ის სახდეპარტამენტმა თვითონ აღიარა ტერორისტულად ოპოზიციის ბანაკში მებრძოლი ორგანიზაციები „ჯაბჰატ ალ ნუსრა“ და „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. შიდა კონფრონტაცია, რომელსაც თავიდანვე აღვივებდა ოპოზიციონერებისათვის გარედან იარაღის მიწოდება, მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე სისხლიმღვრელ კონფლიქტში გადაიზარდა.

არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს, რომ სირიაში ომობენ არა მარტო დაქირავებულები არაბული ქვეყნებიდან, არამედ ასობით ბოევიკი რიგი დასავლური ქვეყნებიდან და რუსეთიდანაც კი. ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს ბანდიტები, გამოცდილებას რომ მიიღებენ, ჩვენს ქვეყნებში არ აღმოჩნდებიან, როგორც მალიში მოხდა ლიბიის მოვლენების შემდეგ? ეს ყველა ჩვენგანისთის რეალური საფრთხეა. ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი საშინელი ტრაგედია ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

რუსეთი თავიდანვე თანმიმდევრულად ატარებს სამშვიდო დიალოგის მხარდაჭერის ხაზს თავად სირიელების მიერ ქვეყნის მომავალი განვითარების კომპრომისული მოდელის შემუშავების მიზნით. თანაც ჩვენ ვიცავთ არა სირიის მთავრობას, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გამუდმებით ვამტკიცებთ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობების სრულად ამოქმედების აუცილებლობას. გამოვდიოდით და გამოვდივართ იქიდან, რომ თანამედროვე რთულ და ტურბულენტურ მსოფლიოში მართლწესრიგის შენარჩუნება – ერთ–ერთი ბერკეტია იმ მცირეთაგან, რომელთაც ძალუძთ საერთაშორისო ურთიერთობები ქაოსში გადავარდნისგან შეაკავონ. კანონი კანონად რჩება. მისი შესრულება ყოველთვის აუცილებელია – მიუხედავად იმისა, ეს ვიღაცას მოსწონს თუ არა. მოქმედი საერთაშორისო სამართალი ძალის გამოყენების უფლებას მხოლოდ ორ შემთხვევაში იძლევა – ან თავდაცვის დროს, ან უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. ყველაფერი დანარჩენი გაეროს წესდებით დაუშვებელია და კვალიფიცირდება, როგორც აგრესია.

არავინ აყენებს ეჭვქვეშ სირიაში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ფაქტს. თუმცა სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ჩაიდინა არა სირიის არმიამ, არამედ ოპოზიიის ძალებმა. მიზანი – საზღვარგარეთიდან მათი ძლევამოსილი მფარველების ჩარევის პროვოცირება, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად ფუნდამენდალისტთა მხარეს გამოვიდოდნენ. ამ კონტექსტში ყურადღებას იქცევს ცნობები, რომ ბოევიკები ახალ ქიმიურ იერიშს ამზადებენ – ამჯერად ისრაელზე.

შემაშფოთებელია, რომ სხვადასხვა შიდა კონფლიქტში ძალისმიერი ჩარევის მცდელობები აშშ–სთვის ჩვეულებრივი ამბავი ხდება. იბადება კითხვა: პასუხობს თუ არა ეს თავად შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესებს? ეჭვი მეპარება. მთელს პლანეტაზე მილიონობით ადამიანის ცნობიერებაში ხომ ამერიკა სულ უფრო ხშირად აღიქმება არა დემოკრატიის ნიმუშად, არამედ მოთამაშედ, რომელიც ფსონს მხოლოდ უხეშ ძალაზე დებს და კონკრეტული შემთხვევებისთვის კოალიციებს აკოწიწებს ლოზუნგით „ვინც ჩვენთან არ არის – ის ჩვენ წინააღმდეგაა“.

ძალის გამოყენებამ თავისი არაეფექტიანობა და უაზრობა აჩვენა. ავღანეთი ციებ–ცხელებაშია, და ვერავინ იტყვის, რა იქნება იქ საერთაშორისო ძალების გამოყვანის შემდეგ. ლიბია ტომებისა და კლანების გავლენის ზონებად არის დაყოფილი. ერაყში სამოქალაქო ომი გრძელდება და ყოველდღე ათეულობით ადამიანი იღუპება. თავად აშშ–ში ბევრი პირდაპირ პარალელს ავლებს ერაყსა და სირიას შორის და ამასთან დაკავშირებით სვამს შეკითხვას: რატომ ვიმეორებთ ცოტა ხნის წინანდელ შეცდომებს?

უკვე მომხდარი ძალისმიერი აქციები ადასტურებენ აგრეთვე იმას, რომ როგორი წერტილოვანიც უნდა იყოს დარტყმები ყველაზე თანამედროვე იარაღის გამოყენებით, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი გარდაუვალია. ამასთან, პირველ რიგში მოხუცები და ბავშვები ზარალდებიან, რომელთა სიცოცხლის დაცვასაც თითქოსდა ცდილობენ ამ დარტყმების დახმარებით.

ამგვარი ძალისმიერი ქმედებები მსოფლიოში კანონზომიერ რეაქციას იწვევს – თუ საერთაშორისო სამართლის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი უსაფრთხოების გარანტირებული უზრუნველყოფის სხვა ვარიანტები უნდა მოიძებნოს. და აი, სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას, მუშაობას იწყებს მარტივი ლოგიკა: „თუ ბომბი გაქვს, ხელს არ გახლებენ“. გამოდის, რომ სიტყვებით გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, საქმით კი – მისი ეროზია ხდება.

საჭიროა ძალის ენის გამოყენების შეწყვეტა, კონფლიქტების ცივილიზებული პოლიტიკურ–დიპლომატიური  მოგვარების გზაზე დაბრუნება.

ბოლო დღეებში სირიაში სამხედრო აქციის თავიდან აცილების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. აშშ, რუსეთი, საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია ისარგებლოს სირიის მთავრობის მიერ გამოთქმული მზადყოფნით, მის ქიმიურ არსენალზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას და შემდგომში განადგურებას დათანხმდეს. პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა ამაში გარკვეული ალტერნატივა დაინახა, რომელიც დარტყმისგან თავის შეკავების საშუალებას იძლევა.

მივესალმები ამერიკელი ლიდერის განწყობას სირიის საკითხზე რუსეთთან დიალოგის გაგრძელებაზე. ჩვენ დიდი ხანია ერთობლივი მუშაობისკენ მოვუწოდებდით. ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, გაერთიანებული ძალისხმევით არ მივცეთ ჩაქრობის საშუალება იმედის ამ გამონათებას, როგორც ლოხ–ერნესში „დიდი რვიანის“ სამიტზე შევთანხმდით, სიტუაცია მოლაპარაკებების კალაპოტში გადავიყვანოთ.

თუ სირიის წინააღმდეგ ძალისმიერ აქციას თავიდან ავიცილებთ, კარდინალურად შევცვლით ატმოსფეროს მთლიანად საერთაშორისო საქმეებში, ურთიერთნდობას განვამტკიცებთ. ეს ჩვენი საერთო წარმატება იქნება, რომელიც თანამედროვეობის სხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე თანამშრომლობისთვის პერსპეტივას გახსნის.

დასასრულს მინდა შემდეგი აღვნიშნო. აშშ–ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან სულ უფრო ნდობით აღსავსე საქმიანი და პირადი ურთიერთბა გვიყალიბდება. მე ამას ვუფრთხილდები. ყურადღებით გავეცანი მის 10 სექტემბრის მიმართვას ერისადმი. და თავს ნებას მივცემ, ცოტაოდენი ვეკამათო საკითხზე, რომელიც აბსოლუტურად საკვანძოდ და ფუნდამენტურად მიმაჩნია.

აშშ–ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში სცადა ამერიკელი ნაციის განსაკუთრებულობა დაესაბუთებინა. აშშ–ის მიერ გატარებული პოლიტიკა, აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, „ამერიკას სხვებისაგან გამოარჩევს“. „აი, რა გვაქცევს ჩვენ განსაკუთრებულებად“, – პირდაპირ განაცხადა მან. ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია ადამიანების თავებში მათი განსაკუთრებულობის იდეის ჩანერგვა, რითაც უნდა იყოს ეს მოტივირებული. არსებობენ დიდი და მცირე სახელმწიფოები, მდიდრები და ღარიბები, დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებით და რომლებიც მხოლოდ ახლა ეძებენ გზას დემოკრატიისკენ. და ისინი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკას ატარებენ. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ როდესაც უფალს კურთხევას ვთხოვთ, არ უნდა დაგვავიწყდეს> რომ ღმერთმა თანასწორებად შეგვქმნა“.