პუბლიკაციები
„დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობა ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ანქვაბის გამოწვევაა. როგორ იქნება საპასუხო ნაბიჯი, უცნობია, თუმცა, ის იქნება“

zarub-1-analit-3საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთი, აფხაზეთის მედია-კლუბი „აინარის“ საბჭოს წევრი სპარტაკ ჟიდკოვი - სპეციალურად „ვესტნიკ კავკაზასთვის“.

„9 სექტემბერს აფხაზეთის დედაქალაქში მოკლეს რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი. თავდასხმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მეხუთე წლისთავს დაამთხვიეს. უკვე ეს გარემოება იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ მკვლელობას პოლიტიკური დემონსტრაციის ხასიათი ჰქონდა.

თავდასხმა დიპლომატის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. დაღუპული დიპლომატის პირადი კონფლიქტის შესაძლებლობა ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროსთან გამორიცხულია - აფხაზი დამნაშავეებისგან თავში არავის მოუვა რუსეთის საელჩოს თანაშრომლის მოკვლა „ავტორიტეტების“ სანქციის გარეშე, ძარცვის მიზნით ან პირადი უთანხმოების გამო. ძალიან საჭვოა ისიც, რომ ამაში ქართული სპეცსამსახურების ხელი ერიოს. ჯერ ერთი, ქართული დივერსიები ბოლო წლებში გაიშვიათდა. მეორეც, რუსეთ-აფხაზეთის კავშირების სიმტკიცის გათვალისწინებით, ეს დანაშაული ქართულ მხარეს არაფერს შეჰმატებდა. მესამეც, თბილისში მეტისმეტად არიან დაკავებული ხელისუფლების გადანაწილების ბოლო ეტაპით.

მაშ ასე, მკვლელობა შეკვეთილი იყო და იგეგმებოდა არა შემთხვევითი ადამიანების მიერ, ხოლო მისი თანამდევი პოლიტიკური ფონი იმის  ვარაუდის საშუალებას იძლევა, თუ რას ამოძრავებდათ შემკვეთებს.

მიმდინარე წელი რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის განვითარებისათვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ამ პირობებში აფხაზეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთში რუსული გავლენისადმი მტრული ძალებისთვის აუცილებელი იყო გადამჭრელი ნაბიჯის გადადგმა, რათა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის დაენახვებინა, რომ ყველაფერი მოსკოვისა და სოხუმის კეთილ ნებაზე როდია დამოკიდებული.

ერთი შეხედვით, დანაშაული უპრეცედენტოა. თუმცა, ძალიან სიმბოლურია, რომ ის 11 სექტემბრამდე ორი დღით ადრე მოხდა. 11 სექტემბერს კი 18 წელი უსრულდება მეორე პოლიტიკურ მკვლელობას, რომელიც ასევე უშუალოდ ეხება რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობას. იმ დღეს საკუთარი ბინის ზღურბლთან აფხაზეთის ვიცე-პრემიერი იური ვორონოვი მოკლეს. ცნობილ პოლიტიკოსსა და რუსეთის თანმიმდევრულ მხარდამჭერ ვორონოვს ფართო კავშირები ჰქონდა მოსკოვში, ხოლო აფხაზეთის მომავალმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მას რეკომენდაცია გაუწია აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, ვორონოვი რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტად დაენიშნათ. ეტყობა, ვორონოვის დაწინაურება უკიდურესად სახიფათოდ მოეჩვენათ რუსეთის გავლენის მოწინააღმდეგეებს. მის სიკვდილში ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულეს, თუმცა ამ ვერსიისა აფხაზეთში დიდად არ სჯეროდათ.

1997 წლის 24 იანვარს სოხუმში პარლამენტის დეპუტატი ანატოლი კაკუბავა მოკლეს, 2000 წლის 15 აგვისტოს - საზოგადო მოღვაწე ზერაბ არჩბა, 2004 წლის 9 ივნისს - მოძრაობა „ამცახარას“ (ამჟამად პრეზიდენტ ანქვაბის მთავარი საყრდენი პარტია) ერთ-ერთი ლიდერი გარი აიბა. ეს მკვლელობები ყოველთვის შიდაპოლიტიკური ვითარების გართულების ფონზე ხდებოდა და ყოველ ჯერზე საზოგადოებას არავითარი სხვა ვერსია არ მიეწოდებოდა, გარდა ამ საქმესთან თბილისის კავშირისა. 2004 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დაიწყო მრავალწლიანი „ნადირობა“ ანქვაბზე, რომელიც მასზე განხორციელებული თავდახმების რიცხვით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს გაუტოლდა. ამასთან, 2009 წლის 26 იანვარს ჩაცხრილეს შსს ხელმძღვანელის მოადგილე ზაკან ჯუღელია, ორჯერ დაესხნენ თავს ბიჭვინთის ადმინისტრაციის მეთაურ ბესლან არძინბას - 2007 წლის 20 სექტემბერსა და 2009 წლის 1 ივნისს. ორივე მათგანი სერგეი ბაღაფშისა და ალექსანდრე ანქვაბის მომხრე იყო.

ამგვარად, რუსი დიპლომატის მკვლელობა მხოლოდ რგოლია მკვლელობათა გრძელ ჯაჭვში, რომლებიც რეგულარულად ხდებოდა აფხაზეთში გასულ წლებში. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევბში გამოძიებამ საქმეები ვერ გახსნა, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის გარემოება, თუ ვის შეეძლო ასეთი დანაშულის ორგანიზება - „ჩრდილოვან სტრუქტურებს“. ასევე გასაგებია, ვის ეყოფოდა გამბედაობა, თავდასხმა განეხორციელებინა როგორც აფხაზეთის მთავრობის ვიცე-პრემიერზე 1995 წელს, ასევე დიდი სახელმწიფოს საელჩოს თანამშრომელზე 2013 წელს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დანაშაულის კვლევისას გამოძიება მტკიცებულებებს დაეყრდნობა, ხოლო პოლიტიკური კომენტარები უნდა განისაზღვროს ცნობილი ფორმულირებიდან გამომდინარე: „Cui prodest” – „ვის აძლევს ხელს?“

დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობა ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ანქვაბისათვის ნასროლი გამოწვევაა. როგორი იქნება საპასუხო ნაბიჯი, უცნობია, თუკი რთულ საერთაშორისო ვითარებას გავითვალისწინებთ, თუმცა ის, სავარუდოდ, იქნება“.