სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

samart-1-mt-Ss-axaliსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ანონიმური ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტში ნაღმის არსებობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობაში სტრესს იწვევს და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს.

შსს მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომლის ინიცირებასაც პარლამენტარებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში გეგმავს. ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.

საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში განიხილავს.

samart-1-qv-Ss-axali-1