აქტუალური
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა

tamar-Jvaniaსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნასთან დაკავშირებით“.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, თამარ ჟვანია, რომელიც იყო გაეროს საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი და რომელსაც მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში“.

მე, როგორც ცსკ-ის თავმჯდომარემ, კომპეტენციისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ფარგლებში, მინდა, ჩვენს ამომრჩევლებს ვუთხრა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე, კანონმორჩილი ადმინისტრაცია, ვიქნებით პროფესიონალები და მიუკერძოებლები ჩვენს საქმეებში, რათა ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ, ერთად ავაშენოთ ნდობა და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს საუკეთესო, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა“, - განაცხადა თავის მხრივ ცესკოს ახალდანიშნულმა თავმჯდომარემ და იქვე განმარტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძირეული ცვლილებები ადმინისტრაციაში არ განხორციელდება, ხოლო რეფორმები გრძელვადიან პერსპექტივაში გატარდება.

ცესკოს თავმჯდომარე უკვე შეხვდა ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურ წინასაარჩევნო დელეგაციას, რომელსაც თომას მელია ხელმძღვანელობს; შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა.