სამართალი
შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ

sam-2-departmentსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია.

შეხვედრის ფარგლებში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორატის დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბოს, პოლიტიკურ მრჩეველ მაქსიმ ლონგანგეს და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ტანია ვან დეიკს ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივნის მორიგი კონსოლიდირებული მოხსენების მოსამზადებლად ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზოლში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში განხილული თემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გოჩა რატიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების ფიქსაციის პროცესზე.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.