აქტუალური
საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფიტსთან, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელ ედუარდ მარტინთან და ფისკალური მისიის ხელმძღვანელ დიმიტრი რადევთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის პარტნიორობით დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას და საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების პროცესს.მარკ გრიფიტსის განცხადებით, მისია აქტიურად ხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილავს შესაბამის აქტუალურ საკითხებს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის პროცესი. „უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სწორედ სავალუტო ფონდთან და სუვერენული ფონდების ჩამოყალიბების დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Reed Smith“–თან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. ვფიქრობ, 2013 წლის ბოლომდე საკანონმდებლო ცვლილებების პროცედურა დასრულდება და საპარტნიორო ფონდი ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც სუვერენული ფონდი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.