უცხოეთი
სააგენტო REX-ის ექსპერტი ავიგდორ ესკინი აფხაზეთში რუსეთის კონსულის მდივნის მკვლელობის შესახებ

avigdor-zarub-2საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. სოხუმში, საკუთარ სახლთან მოკლეს რუსეთის კონსულის პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი. რაკიღა ეს დანაშაული რუსეთ-აფხაზეთს შორის დიპურთიერთობის დამყარების ხუთი წლისთავზე და, ასევე, საქართველო-აფხაზეთის ომის დასრულების 25 წლისთავამდე ორიოდე კვირით ადრე მოხდა, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსი დიპლომატი ტერაქტის მსხვერპლი გახდა.

მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის გაფუჭება რეგულარულად განიხილება რუსული პრესის ფურცლებზე. მან ასახვა პოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თავისი მოქალაქეებისათვის მიცემულ ამასწინანდელ რეკომენდაციებში, ინვესტიციები ჩადონ ქართულ ბიზნესში და საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობები განავითარონ, თუმცა, ამავდროულად, თავი შეიკავონ აფხაზეთთან საქმიანი კონტაქტებისაგან.

როგორც ცნობილია, რუსეთი ხელს უწყობდა აფხაზებისა და მათი ჩეჩენი მოკავშირეების გამარჯვებას 1993 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომში. ორი ათეული წლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მაშინ უდიდესი სტრატეგიული და  ცივილიზაციური შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის შემდეგ სოხუმსა და მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსი და სლავი ხალხების თანდათანობით გამოძევება მოხდა. ირონიას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსი მოსახლეობის შევიწროება გაძლიერდა. ასობით სახლი და ბინა, სადაც რუსები ცხოვრობდნენ, მიიტაცეს. როგორც ჩანს, 200 ათასი ქართველის გამოსახლებისა და მათი ბინების დასაკუთრების გამოცდილება სოხუმში ზოგიერთებს მოეწონათ. გავიხსენოთ „სასამართლოს“ ძალით რუსეთის თემების კონგრესის ხელმძღვანელ გენადი ნიკიტჩენკოს გამოსახლება, რომელსაც აფხაზეთში ომის გმირად მიიჩნევდნენ...

„გამუდმებით მძარცვავენ, უკვე ოთხჯერ მოვიდნენ ნიღბიანები“, - ჰყვებოდა ახლახან „რუსკი რეპორტიორთან“ ინტერვიუში 70 წლის პენსიონერი ვიქტორ ორლოვი. „მცემეს, ჩემს ცოლსაც, შვილსაც სცემეს, ძროხა წაიყვანეს“. სამაგიეროდ, ცოცხალი დატოვეს. ხომ შეეძლოთ ყელიც გამოეჭრათ, როგორც ხდებოდა ხოლმე.

რუსული დიასპორის თავმჯდომარე ლეონიდ ზავოდჩიკოვმა იმავე გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: ‘აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე უფრო გვეიოლებოდა ცხოვრება“. ომის დაწყებამდე აფხაზეთში მოსახლე 75 ათასი რუსისგან დღეს 20 ათასზე ნაკლები დარჩა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვის სასტიკად ცემისა და აფხაზეთისდან გაძევების ფაქტი. ძალაუნებრურად ჩნდება კითხვა: „რისთვის ვიბრძოდით?“

რუსულ გამოცემებში ფართოდ შუქდებოდა ქართული ბანდიტური ფორმირება „მხედრიონის“ დანაშაულებრივი საქმიანობა. მათ სინდისზე არაერთი ძარცვა და პროვოკაციაა ერთაშორისი შუღლის გაღვივების მიზნით. თუმცაღა, იმ ომის შედეგების შეჯამებისას რუსულ წყაროებში ვხვდებით, რომ 3368 დაღუპული მშვიდობიანი მცხოვრებიდან 3150 ქართველი იყო. ეს მონაცემები მიხაილ ჟიროხოვის წიგნშია მოყვანილი, სადაც ნათლად ჩანს, ვინ იყო მკვლელი და ვინ - მსხვერპლი.  დღემდე არ ვფლობთ ცნობებს ნაწამები ქართველი ქალებისა და გოგონების შესახებ, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს. დაუვიწყარია საზარელი კადრებიც, სადაც ჩეჩენი ტერორისტები დაღუპული ქართველი ჯარისკაცის თავით ფეხბურთს თამაშობენ. გავა რამდენიმე წელი და შეგვაძრწუნებს ჩეჩნების მიერ დატყვევებული რუსი ახალწვეულების წამების კადრები. არაბი მეთაური პროცესს დირიჟორობს, ხოლო ჯალათები ჯარისკაცებს ერთმანეთის მიყოლებით ყელს ღადრავენ.

ამ ასოციაციას თავისი სიღრმისეული აზრი აქვს. ეტყობა, 1993 წელს რუსეთს შეეძლო თავიდან აერიდებინა პირველიცა და მეორე ჩეჩნური ომიც. წარმოვიდგინოთ,  რუსეთი რომ მკაცრად დამდგარიყო საქართველოს მხარეზე და დახმარებოდა, მათ შორის ბასაევისა და მისი კოლეგების რაზმების ლიკვიდაციაში. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნეთის ომები 1993 წელს რუსეთის არჩევანის მცდარობაზე მეტყველებს. ელცინის ეს არაშორსმხედველური პოლიტიკა იყო, ხელი რომ შეუწყო რუსეთის ინტერესებისათვის მავნე რომანს საქართველოსა და ნატოს შორის. საქართველო არ იჩქარებდა „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“ გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას, თუკი რუსეთი მის აფხაზურ და სამხრეთ ოსურ სივრცეებზე მშვიდობისა და თანხმობის აღდგენაში დაეხმარებოდა.

თუ ამას ელცინის მიერ აფხაზეთში სეპარატიზმის მხარდაჭერის საერთაშორისო შედეგებსა და მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის დემონსტრაციულ დაქვემდებარებასაც დავუმატებთ, მაშინ კითხვა, თუ რისთვის ვიბრძოდით, ირონიულ შეფერილობას დაკარგავს. ხოლო თუ ამას აფხაზეთის შენახვის მიმართებაში ეკონომიკურ ასპექტსაც დავუმატებთ, ისევე, როგორც საქართველოსთან ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტების უგულებელყოფას ევროპაში ნახშირწყალბადის მიწოდებასთან დაკავშირებით, პასუხი ერთმნიშვნელოვნად ნათელი იქნება. თუმცა, ვინ თქვა, რომ არაფერი შეიცვლება?